სეს-ს FAO-მ კალიებთან საბრძოლველად სპეციალიზებული ტექნიკა გადასცა
სურსათის ეროვნულ სააგენტოს, კალიებთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, FAO-მ სპეციალიზებული ტექნიკა გადასცა.
სააგენტოს თქმით, მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა სააგენტოს სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, ეფექტიანად განახორციელონ კალიების მონიტორინგი დიდ ფართობზე, რაც კალიების პოპულაციის მართვას შეუწყობს ხელს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

„გადმოგვეცა 4 ერთეული მაღალი გამავლობის პიკაპი, რომელიც გამოიყენება კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებში, კერძოდ, დიდი ფართობების მონიტორინგისას ხდება გავრცელების არეალის მონიშვნა, რაც უმნიშვნელოვანესია შემდგომი ღონისძიებების დასაგეგმად.

FAO-სთან წლების განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, დაიხვეწა მავნებლის მონიტორინგის სისტემა; დაინერგა შესხურების თანამედროვე მეთოდები, რაც ხელს უწყობს კალიების პოპულაციის მართვას და სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ზარალის თავიდან აცილებას“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.






| Print |
FaceBook Twitter Google