200 000-ით არის გაზრდილი გაჭირვებული ადამიანების რაოდენობა და ამ დროს იტყვით, რომ ეკონომიკური ზრდა გაქვთ- ლევან ხაბეიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.
მან პარლამენტის ტრიბუნაზე წარმოადგინა ბანერები წარწერით „რეალური უმუშევრობა - 539 611“, „დაბალი ხელფასი უდრის უმუშევრობას“.

„უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში, ფასები გაძვირებულია, რაზეც, სამწუხაროდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსახლეობას უმრავლესობის ლიდერები დასცინიან.

ამის შემდეგაც გამოვლენ კონკრეტული ადამიანები და მათი ანუ ხელისუფლების საქმე, რაც არის, იმის გარდა ყველაფერზე ისაუბრებენ, არადა რეალობაში, იქნებ, ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდეს, ვინც მოსახლეობას მთავარ შეკითხვებზე პასუხს გასცემს, ის, რაც თქვენი ყოველდღიურობა უნდა იყოს, ვგულისხმობ, ხალხზე ზრუნვას, რომელიც არის საქართველოში. თქვენ მიერვე გამოქვეყნებული სტატისტიკა მოვიტანე, 2020 წელს 1 მლნ 11 000 ადამიანი იყო რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, შემდეგ 2021 წელს იზრდება 1 მლნ 91 000 და 2023 წლის მონაცემებით, 1 მლნ 200 000.

თქვენ მიერვე მოწოდებული ინფორმაციით, ფაქტობრივად, 200 000-ით არის გაზრდილი გაჭირვებული ადამიანების რაოდენობა და ამ დროს, იტყვით, რომ რაღაც ეკონომიკური ზრდა გაქვთ.

დარწმუნებული ვარ, ყოველდღიურად შედიხართ მარკეტში, კონკრეტულ სერვისებს ყიდულობთ და ამ სერვისებს რომ ყიდულობთ, ამ სერვისის შეძენის უკან დგანან კონკრეტული ადამიანები - მოლარე ოპერატორები, გამყიდველი, კონკრეტული სერვისის მიმწოდებელი .საქართველოში ასეთი ათიათასობით მოქალაქე, რომელიც თვიდან თვემდე 600-700-800 ლარზე მუშაობს. თქვენ თავს დაუსვით შეკითხვა და მოსახლეობას პასუხი გაეცით, თქვენ შეძლებთ 600-700-800 ლარად ოჯახის შენახვას? ძალიან ბევრს უნდა შვილების სპორტზე ან ხელოვნების რამე წრეზე ტარება, 600-700-800 ლარად გაძვირებული ცხოვრების, გაძვირებული კომუნალურების პირობებში, როგორ მოახერხონ ადამიანებმა მინიმალური პრობლემების მოგვარება? რეალურად, ახლა რასაც ვსაუბრობ, მთავარი საკითხია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ყოველდღიურად აწუხებთ, მაგრამ თქვენ ყველა დისკუსიიდან გარბიხართ, რაც მოქალაქეებს, ხალხის კეთილდღეობას, ხელფასებს ეხება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მან მაგალითისთვის, ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მინიმალური სახელფასო რაოდენობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მაგალითად, ბელგიაში მინიმალური ხელფასი- 6 500 ლარის ეკვივალენტია ევროში, საფრანგეთში - 5 600 ლარი და ა.შ. საქართველოში კი, ოფიციალური მონაცემებით, მინიმალური ხელფასი 100 ლარია. ხაბეიშვილის თქმით, ასეთი სულ 11 000 ადამიანია.




| Print |
FaceBook Twitter Google