ველოდებით ბანკის მიერ ჩასატარებელ პროცედურებს - გურჯაანის მერი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შესახებ
გურჯაანში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, speqtri.ge-ს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაიწყება. თუმცა, ამ ეტაპზე მერიაში თარიღს არ აკონკრეტებენ.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა speqtri.ge-ს განუცხადა, ელოდებიან ბანკის მიერ ჩასატარებელი სამუშაოების დასრულებას.

„საქართველოს ბანკთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, მათ მიერ ხდება პროგრამის ჩაწერა და ტექნოლოგიების დამაგრება ავტობუსებში. ამ დროისთვის დაახლოებითი ტარიფი არის განსაზღვრული, მაგრამ კიდევ დგინდება, ასევეა მარშრუტებზეც. ყოველდღიურად მიდის ამ საკითხებზე მუშაობა და ყველაფერს გაცნობებთ მოგვიანებით. ამ ეტაპზე ველოდებით ბანკის მიერ ჩასატარებელ პროცედურებს,“ - ამბობს გიორგი მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ისუზუს მარკის 10 ავტობუსი შეიძინა, რომელიც 29 თებერვალს გადმოეცა. რაც შეეხება სრულად რეგიონს, კახეთის 8 მუნიციპალიტეტმა, ჯამში 31 სამგზავრო ავტობუსი მიიღო.

| Print |
FaceBook Twitter Google