არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 22:00 საათის პერიოდში-გიორგი კალანდარიშვილი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 22:00 საათის პერიოდში.

მისივე თქმით, შემაჯამებელი ოქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან, პლანშეტების მეშვეობით გადმაიგზავნება.

„როგორც ტრადიციულზე, ისე მოდერნიზებულ უბნებზე მოხდება პლანშეტების გამოყენება. მას შემდეგ, რაც ხმის მთვლელი აპარატები უზრუნველყოფენ დათვლას, ამოიბეჭდება ქვითარი, გადაეცემა ყველა იქ მყოფ უფლებამოსილ პირს და მას შემდეგ განხორციელდება პლანშეტების მეშვეობით ცესკოში ამ ოქმების გადმოგზავნა, მათი პირდაპირ ცესკოს ვებ-გვერდზე გატანის უზრუნველყოფა. ჩვენი ვარაუდით, განვლილი პილოტირებიდან გამომდინარე, ვპროგნოზირებთ, რომ წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან - 22:00 საათის პერიოდში“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა.

როგორც კალანდარიშვილმა განმარტა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლების მარკირების პროცედურა კვლავ შენარჩუნებული იქნება.


| Print |
FaceBook Twitter Google