„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტის სხდომაზე რამდენიმე წუთში წარადგენენ
რამდენიმე წუთში პარლამენტში პლენარულ სხდომაზე წარადგენენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ასევე ორ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელთა მომხსენებლებსაც ამისათვის 10-10 წუთიანი რეგლამენტი ექნებათ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ამის შემდეგ უყრიან კენჭს, თუ რომელი კანონპროექტი აიღონ საფუძვლად. შემდეგ უკვე დაიწყება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა, რის პარალელურადაც პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

გუშინვე უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს ონლაინ მედიის წარმომადგენლებს. ისინი არც დღევანდელ სხდომაზე დაუშვეს, რაც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა უსაფრთხოების ზომების დაცვით ახსნა.

მისი თქმით, ონლაინმედიის წარმომადგენელთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს შეადგენს და ისინი პროტესტის გამოსახატად შედიოდნენ სხდომაზე.

ამას ჟურნალისტების მხრიდან მოჰყვა კრიტიკა და მათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს.

დღეს კვლავ არის დაანონსებული აქცია პარლამენტის წინ, რომელიც 19 საათზე დაიწყება.



| Print |
FaceBook Twitter Google