აშშ პოტენციურ სანქციებს წინასწარ არ აანონსებს - მეთიუ მილერი
ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პროცედურული წინსვლისა და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციას.

მილერის თქმით, აშშ პოტენციურ სანქციებს წინასწარ, მათ მიღებამდე, როგორც წესი, არ აანონსებს ხოლმე.

„ჩვენ ადრეც გავხდით ამ კანონპროექტის წარდგენის მოწმენი და ის მაშინ არ ქცეულა კანონად. ის ჯერაც კანონპროექტია. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ შეშფოთებულები ვართ ამის გამო.

რაც შეეხება, ჩვენს შესაძლო ნაბიჯებს, წინასწარ არაფერს ვიტყვი, თუმცა აღვნიშნავ, რომ ყოველთვის ასეა - არ ვაანონსებთ ხოლმე პოტენციურ სანქციებს ან სხვა ზომებს, რომლებიც შეიძლება დავაწესოთ, ვიდრე ამას გავაკეთებდეთ,“- ამბობს მილერი.

მისივე თქმით, აშშ ყველა სახელმწიფოში მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

„გავიმეორებ, რომ ვრჩებით ღრმად შეშფოთებულები ამ კანონპროექტის გამო. რაც შეეხება საპროტესტო აქციის მონაწილეებს, საქართველოში იქნება ეს თუ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ადგილას, ცხადია, აშშ მხარს უჭერს ნებისმიერის გამოხატვის თავისუფლებას და სიტყვის თავისუფლებას ყველგან მსოფლიოში,“- ამბობს დეპარტამენტის სპიკერი.

| Print |
FaceBook Twitter Google