კი ევროპას, არა რუსულ კანონს!- აქციის ორგანიზატორები გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადებიან
“კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” ფართომასშტაბიანი აქციები არ დასრულებულა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადებიან.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აქციის ორგანიზატორებმა “რადიო თავისუფლებასთან” ისაუბრეს. მათი განცხადებით, პარლამენტთან აქცია დღეისთვის დაგეგმილი არ არის, თუმცა “აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ცუცქირიძის თქმით, კანონპროექტის მეორედ მოსმენა აქციის ფონზე ჩაივლის.

„დღეს კონკრეტულად აქციას არ ვგეგმავთ და არც ვაანონსებთ. მიგვაჩნია, რომ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპია, ჩვენ არ გვქონდა იმის ილუზია, რომ ერთი შეკრებით გადაწყდებოდა ეს საკითხი. წინ ბევრი საეტაპო მოვლენაა, იქნება ეს განხილვა კენჭისყრა, შეხვედრა თუ დისკუსია, რომლისთვისაც უნდა მოვემზადოთ. ყველა ამ გეგმაზე საჯაროდ ვისაუბრებთ", - ამბობს ლევან ცუცქირიძე.

ცნობისთვის, რუსული კანონი მეორე მოსმენით ჯერ იურიდიულ კომიტეტზე გავა, შემდეგ კი სესიაზე. საკომიტეტო მოსმენა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გაიმართება, სესიის განხილვა კი- ორ კვირაში.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს პროტესტი არ იქნება ერთდღიანი და ორდღიანი, ჩვენ მივყვებით პროცესებს, და შემდეგ მოსმენაზე ისევ შევიკრიბებით. ხელისუფლება ეცდება, რომ დაღალოს ხალხი და ნიჰილიზმში ჩააგდოს, აქედან გამომდინარე ჩვენ მრავალფეროვან აქციებს შევთავაზებთ“, - ამბობს რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის წევრი საბა სხვიტარიძე.

აქციის ორგანიზატორების გეგმაა, რომ საპროტესტო მუხტი რეგიონებშიც გავრცელდეს გაგრძელდება საინფორმაციო კამპანიებიც.

„გვაქვს ხედვა, როგორ არ უნდა დავუშვათ ამ კანონის მიღება და გვაქვს ჩვენი გეგმები. ამ გეგმებს გავაცნობთ ყველას საჯაროდ. საეტაპო მოვლენებს კი ვუპასუხებთ თამამად, მთავრობის ნაბიჯი იქნება, განცხადება თუ განხილვები", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ლევან ცუცქირიძე.

დღეს, 18 აპრილს, 19:00 საათზე აქცია დააანონსა ახალგაზრდულმა მოძრაობა “დაფიონმა”. მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ პროტესტი არ უნდა შეწყდეს.

„არ არის დრო მეორე და მესამე მოსმენის დალოდების, კანონი უნდა ჩავარდეს ახლავე“, - ვკითხულობთ აქციის საანონსო ტექსტში.

| Print |
FaceBook Twitter Google