კობახიძემ საკუთარი თვალით დაინახა, რეაგირება არ ჰქონია - თსუ-ს სტუდენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ მას შემდეგ, რაც მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს „რუსეთის მონა“ დაუძახა.

შემთხვევა დღეს, 20 აპრილს, მოხდა. როდესაც ირაკლი კობახიძე დაცვის თანხლებით უნივერსიტეტს ტოვებდა, სტუდენტი ნიკო მანაგაძე მას მიუახლოვდა და კითხვა დაუსვა:

„ბატონო, რუსეთის მონავ, შეგვხდებით სტუდენტებს?“

ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ირაკლი კობახიძის დაცვა სტუდენტს პრემიერთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს და ახალგაზრდა გვერდზე გაჰყავს, კობახიძე განაგრძობს მოძრაობას ავტომობილის მიმართულებით, რის ფონზეც ისმის ხმაური.
ნიკო მანაგაძე სატელევიზიო კომენტარისას იხსენებს, რომ მას ზუსტად ამ დროს გაუსწორდნენ ფიზიკურად.

„როცა კობახიძე უნივერსიტეტიდან გამოდიოდა, მასთან მივედი და ვუსვამდი კითხვას, შეგვხვდებოდა თუ არა სტუდენტებს. შემდეგ მომვარდა 10-15-კაციანი ჯგუფი, რომელიც მუდმივად დაყვება კობახიძეს, რათა ფიზიკურად გაუსწორდეს ნებისმიერ ადამიანს, ვინც მასთან ახლოს მივა და რაიმე კრიტიკულ შეკითხვას დაუსვამს. იმის მიუხედავად, რომ კობახიძემ ეს დაინახა საკუთარი თვალით, არანაირი რეაგირება არ ჰქონია — გაიღიმა, დააქნია ხელი, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა,“ — თქვა ნიკო მანაგაძემ. 



| Print |
FaceBook Twitter Google