გურჯაანმა ღვინის ფესტივალს წელს უკვე მეექვსედ უმასპინძლა.
ღონისძიება ტრადიციულად ახტალის პარკში ჩატარდა. ვრცელ ტერიტორიაზე
მოწყობილი იყო სხვადასხვა ტიპის ზონა ყველა ასაკისა და გემოვნების
სტუმრისთვის.
წარმოდგენილი იყო: მეღვინეთა სივრცე, მეწარმეთა სივრცე, ქართული ეთნო
ნაწარმი, ფოტო ზონები, მეღვინეობა-მევენახეობასთან დაკავშირებული
საინფორმაციო და სხვა სივრცეები.
დიდი ჟრიამული იყო საბავშვო ზონაში, რომელსაც ლეკოს სტუდიოს ბავშვების
მიერ შესრულებული ჰანგები ამშვენებდა.
აქ მოსულ სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა დაეგემოვნებინა სხვადასხვა
მეწარმის ღვინოები, კახური მწვადი, შოთი პური, თათარა...
გურჯაანის ღვინის ფესტივალი პირველად
2017 წელს ჩატარდა, შემდეგ იყო პანდემიის პერიოდი
და ორწლიანი პაუზა, რის შემდეგაც ღონისძიება 2022 წლიდან უფრო
მასშტაბური გახდა. თუ 2017 წელს ფესტივალში
ღვინის 50-მდე კომპანია იღებდა მონაწილეობას, წელს მონაწილე
ღვინის კომპანიებისა და მეწარმეების რაოდენობამ ოთხასს
გადააჭარბა.
ღვინის ფესტივალზე დაგეგმილ ღონისძიებებს ორგანიზებას უწევდა ტენდერში
გამარჯვებული კომპანია შპს „ჯეოივენთსი“. ღვინის ფესტივალი
2024-ისთვის 463 800 ლარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები