ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედიის
წარმომადგენლები და კერძო პირები რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელს
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე
განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში 16
მედიაორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების 120 ორგანიზაციისა და 4
ფიზიკური პირის სახელით გაასაჩივრებენ.
„რუსული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის
შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან
გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება. მომჩივანი
ორგანიზაციები ისეთ საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ, როგორებიცაა:
გარემოს დაცვა, შშმ პირთა დახმარება, ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან
დაცვა, სასამართლოს რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, საგამოძიებო
ჟურნალისტიკა და ა. შ.“, - განაცხადეს საიას ოფისში გამართულ
პრესკონფერენციაზე.
მათივე განცხადებით, მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების უფლების, გამოხატვის
თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების,
სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების და უფლებების
შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების დარღვევებზე იდავებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებუი აცხადებენ, რომ მათი ბრძოლა რუსული
კანონის წინააღმდეგ გრძელდება და ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება
გამარჯვებით.
მასალის გამოყენების პირობები