ეკონომიკა
ლარში გაცემული სესხები გაძვირდა
ლარში გაცემული სესხები ნახევარი პროცენტით გაძვირდება. განცხადება ამასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ გააკეთა. "იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი ლარში აქვს გამოტანილი და მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე, ეს გამოიწვევს ნახევარი პროცენტით ზრდას, მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენც გესმით, რომ პროპორცია უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხს შორის, სადაც სესხის ტვირთი თითქმის 20%-ით გაიზარდა და ნახევარ პროცენტს შორის, ძალიან დიდია", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0,5%-ით გაზარდა და საერთო ჯამში განაკვეთმა 4,5% შეადგინა. „ჩვენი მთავარი ამოცანაა არ დაუშვათ ლარის გაუფასურება და შევინარჩუნოთ სიმყარე. რეცეპტი გამოწვევებზე არის მეტი ინვესტიცია, მეტი ექსპორტი, მეტი ტურისტი“, – აცხადებს გიორგი ქადაგიძე. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით ზრდის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" აღნიშნულ საკითხს გამეხმაურა. მათი აზრით, იმ სესხებზე საბაზრო განაკვეთის ზრდა, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის შემცირებას, ეკონომიკის დაკრედიტებას და ფასების საერთო დონეს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, საბოლოოდ მოხდება მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება, რაც ლარის გაცვლით კურსს დროებით დაასტაბილურებს. თუმცა მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება. "იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის კურსის დროებით დასტაბილურება მაინც მოხდეს, ამ ეტაპისთვის, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, ჩვენი აზრით, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებს შორის ყველაზე ოპტიმალურია. მართალია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას გამოიწვევს, თუმცა ამას მხოლოდ დროებითი ეფექტი ექნება. თუ არ მოხდა ფუნდამენტური ფაქტორების გამოსწორება, როგორიცაა ინვესტიციების ზრდა, საგარეო სავაჭრო სალდოს გაუმჯობესება და ა.შ. ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება". 2015 წლის იანვრის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 4902 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2111 იურიდიულ პირს აქვს.
| Print |
FaceBook Twitter Google