ეკონომიკა
”სოკარის” იურიდიულ აბონენტებს გაზი აღარ გაუძვირდებათ
”სოკარმა” გადაწყვეტილება შეცვალა და მარტიდან ბუნებრივ გაზზე ისევ ძველი ფასი დარჩება. ”ყაზტრანსგაზ-თბილისს” ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ შეუცვლია. თბოსადგურების მფლობელებიც თავს იკავებენ და ეროვნული ვალუტის კურსს აკვირდებიან. ”სოკარ ენერჯი ჯორჯიანს” გენერალური დირექტორის, მაიარ მამედოვის განცხადებით, ფასის ზრდა ”სოკარის” გეგმებში ისედაც არ შედიოდა. ”სოკარი” არასდროს გამოსულა გაზის გაძვირების ინიციატივით, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. სადისტრიბუციო კომპანიებზე დარტყმა ლარის კურსის ვარდნის გამო კომპენსირებული იქნება თავად ამ კომპანიების მიერ. ჩვენ, პრინციპში, სხვა გამოსავალს ვერც ვხედავთ. რაც შეეხება მარტიდან ტარიფის მატების საკითხს, ეს არ მოხდება. ჩვენი კომპანია ამას ისედაც არ გეგმავდა”, - განაცხადა მამედოვმა. სინამდვილეში გაზის მოწოდების ტარიფი არ გაზრდილა, ანუ აზერბაიჯანს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის საფასური არ შეუცვლია. ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, გაზი სადისტრიბუციო კომპანიებს გაუძვირდათ. შეგახსენებთ, რომ როგორც სადისტრიბუციო კომპანიებმა განაცხადეს ლარის კურსის ცვლილების გამო 2015 წლის 1 მარტიდან, კომერციული სექტორისთვის (გარდა პურის ქარხნებისა) ბუნებრივი გაზის ტარიფი გაიზრდებოდა და 90 თეთრით განისაზღვრებოდა. ჯერჯერობით ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ შეუცვლია ”ყაზტრანსგაზ-თბილისს”. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა სარია ”რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ 1-ლი მარტიდან იურიდიული პირებისთვის გაზის გაძვირების საკითხი ისევ ძალაში რჩება.
| Print |
FaceBook Twitter Google