ეკონომიკა
დაცემული პირუტყვის გადასაყვანად სურსათის ეროვული სააგენტო მანქანებს გამოყოფს
კახეთის რეგიონს დაავადებული საქონლის გადამტანი სპეციალური მანქანა მოემსახურება. როგორც speqtri.ge-სთან საუბრისას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ თენგიზ კალანდაძემ განაცხადა, დაცემულ საქონელს ინსინერატორამდე სპეციალური მანქანა მიიტანს, რომელსაც კახეთისა და სხვა რეგიონების მოსახლეობისთვისაც სურსათის ეროვნული სააგენტო გამოყოფს. „მანქანა მივა ადგილზე, აიღებს ამ დაცემულ პირუტყვს და მიიტანს ინსინერატორამდე. ჩვენ ნებისმიერ რეგიონს უფასოდ მოვესმახურებით“. მისივე თქმით, სააგენტო აკონტროლებს სიტუაციას, რომ მესაქონლემ შემთხვევით, თუნდაც არაინფორმირებულობის გამო, დაცემული საქონელი ნაგავსაყრელზე არ გადააგდოს. „მონიტორინგს ახორციელებენ ჩვენი რეგიონული და რაიონული სპეციალისტები, რომლებიც თავიანთ რაიონსა თუ სოფელში ფლობენ სიტუაციას. მოქალაქე ვალდებულია საქონლის დაავადების შემთხვევაში სურსათის ეროვნული სააგენტოს დაწესებულებას მიმართოს. ჩვენ პერიოდულად ვატარებთ აცრებს, ვახდენთ მათ რეგისტრაციას და ვიცით ყველა მსხვილფეხა პირუტყვი, მათი მფლობელების სახელი და გვარები. ასე რომ, ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში ჩვენ გვექნება ოპერატიული ინფორმაცია და ასევე ოპერატიულად ვიმოქმედებთ“. როგორც თენგიზ კალანდაძე განმარტავს, ინსენერატორებში მოხდება განსაკუთრებით საშიში დაავადების მქონე საქონლის კრემაცია. „აქ საუბარი არ არის მაწანწალა ძაღლზე, ან ჩვეულებრივად მკვდარ ცხოველზე. ჩვენ ვსაუბრობთ განსაკუთრებით საშიში დაავადებით ინფირცირებულ პირუტყვზე, რომელიც ინფექციის გადამტანია. სწორედ ასეთი პირუტყვის გაუვნებელყოფა მოხდება ჩვენს ინსინერატორებში“. შეგახსენებთ, რომ ადამიანებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, ინსინერატორების დამონტაჟებას იწყებს. აღნიშნული დანადგარები იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში დამონტაჟდება. ინსინერატორი – ეს არის სპეციალური წვის ღუმელი, სადაც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება დაავადებული ცხოველის ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების განადგურება.
| Print |
FaceBook Twitter Google