ეკონომიკა
სოფელ ყვარელწყლის მოსახლეობა სანოტარო მომსახურებას ადგილზე მიიღებს
13 თებერვალს, 14:00 საათზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის (დუისის) საზოგადოებრივ ცენტრში, საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის თანაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა და ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გაითვალისწინა მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა და საზოგადოებრივი ცენტრების 200–ზე მეტ მომსახურებას დაემატა კიდევ ერთი სერვისი – სანოტარო მომსახურების ადგილზე მიღება. საზოგადოებრივი ცენტრები სამ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნით შეირჩა. ყვარელწყალი (ახმეტის მუნიციპალიტეტი), მეჯვრისხევი (გორის მუნიციპალიტეტი) და მუხაესტატე (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) - ამ სოფლებში განთავსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში მოსახლეობას ნოტარიუსი კვირაში ერთი დღის განმვალობაში მოემსახურება. ყვარელწყალსა და მეჯვრისხევში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში ნოტარიუსი ხუთშაბათობით იმუშვებს, მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში - სამშაბათობით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. 2012 წლის ნოემბერში საქართველოს 14 მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ნოტარიუსის გარეშე იყო დარჩენილი. ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში სანოტარო მომსახურების მისაღებად მეზობელ მუნიციპალიტეტებში უწევდა წასვლა. ეს კი დამატებით ხარჯთან იყო დაკავშირებული. ამჟამად ნოტარიუსი უკვე 10 მუნიციპალიტეტში დაინიშნა. უახლოეს მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქისთვის სანოტარო მომსახურება თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, საზოგადოებრივ ცენტრებში ახალი სერვისების დამატება მომავალშიც გაგრძელდება. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის, „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google