ეკონომიკა
აზერბაიჯანი საქართველოსგან ხორცს აღარ ყიდულობს
საქონლის ხორცის ჩასაბარებელმა ფასმა საგრძნობლად დაიწია. ამის ძირითადი მიზეზი აზერბაიჯანში ექსპორტის მინიმუმამდე შემცირებაა, _ აცხადებენ ასოციაცია "მომავლის ფერმერი“-ს წარმომადგენლები. სახელმწიფო აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, ფერმერები კი ალტერნატიულ ბაზრებს ეძებენ და დახმარებას ითხოვენ. ასოციაცია "მომავლის ფერმერის" მთავარი ვეტექიმი მიხეილ ჭიჭაყუა ამბობს, რომ თუკი რამდენიმე თვის წინ, 3 წლის ბუღის სარეალიზაციო ფასი 1700-დან 2000 ლარამდე მერყეობდა, ახლა იგივე ასაკის ბუღა 1000-1200 ლარი ღირს. „ჩასაბარებელი ხორცის ფასი ადრე დაახლოებით 10 ლარი იყო, ერთი თვეა, რაც სახორცე ბუღის ჩასაბარებელი ფასი, მნიშვნელოვნად დავარდა. დღეის მდგომარეობით ველზე გაზრდილი პირუტყვის ღირებულება კილოგრამზე დაახლოებით 7.50 ლარია, ხოლო ბაგურ კვებაზე გაზრდილის _ ცხრა ლარამდე მერყეობს. შესაძლოა, ფასებმა კიდევ დაიკლოს, რადგან აზერბაიჯანი ჩვენგან ხორცს აღარ ღებულობს. რატომ თქვეს უარი ქართულ ხორცზე მაგის მიზეზი ვერ დავადგინეთ და არც სახელმწიფო ჩარეულა პრობლემის მოგვარებაში.“ როგორც მიხეილ ჭიჭაყუა აღნიშნავს, საქართველოდან საქონლის ხორცი ძირითადად აზერბაიჯანში გადიოდა, იმიტომ, რომ მათი ბაზარი სტაბილურია. „50-55 ათასამდე სული საქონელი გადიოდა, რომელიც დაახლოებით 10 ათასი ტონა ხორცია. აღნიშნული პრობლემა წინა წლის ზაფხულის მეორე ნახევრიდან დაიწყო, რადგან აზერბაიჯანულმა მხარემ უფრო იაფად უკრაინიდან შეიძინა დაახლოებით 12 500 ტონა ხორცი, რომელიც ჩვენს ბაზარს დააკლდა“. არასამთავრობო ორგანიზაციის თამჯდომარე რუსუდან გიგაშვილი აცხადებს, რომ როდესაც ფერმერს პრობლემა ექმნება, თუნდაც ის, რომ დაკარგა მიზნობრივი ბაზარი, სახელმწიფო ვალდებულია ზომები მიიღოს. „სახელმწიფო პრევენციულად უნდა მუშაობდეს ახალი ბაზრების მოძიებაზე. თუმცა, პრევენციას კი არა, უბრალოდ პრობლემის იდენტიფიცირებასაც კი ვერ ახერხებს. ფერმერები სპონტანურად თვითონ ეძებენ გამოსავალს, რაღაც გზებს, რაც მათთვის დიდი პრობლემაა“. მისივე თქმით, სახელმწიფო ამ საკითხებთან მიმართებაში საქმის კურსშია. „ეს პრობლემა ახალი არ არის, რადგან გაცილებით ადრე ცხვართან დაკავშირებით მოხდა ანალოგიური სიტუაცია, როცა ბაზარზე ექსპორტი შეიზღუდა. სამინისტროს მოვალეობაა, რომ ყოველთვიურად გაანალიზოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების როგორი საექსპორტო მონაცემები აქვს ქვეყანას. როცა გამოიკვეთება, რომ 6-ჯერ შემცირებულია, უნდა მიხვდეს, რომ ფერმერს დახმარება საჭიროება“. "სპექტრმა" აღნიშნული ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაამოწმა. მათი განცხადებით, სამინისტროს არც ერთ უწყებას ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
| Print |
FaceBook Twitter Google