ეკონომიკა
ნიადაგის კვლევას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაც გააკეთებს
ამჟამად ასეთ ტესტს მხოლოდ 2 ლაბორატორია - „მულტიტესტი“ და „ჰაინც ფერი“ ატარებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი 2014 წლის დასაწყისში შეიქმნა. ცენტრის ფარგლებში დაგეგმილია ნიადაგის კვლევის ახალი ლაბორატორიის შექმნა. მისი უშუალო ფუნქცია ნიადაგის გამოყენებითი და ფუნდამენტური კვლევების შექმნა იქნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილი eugeorgia.info-სთან აცხადებს, რომ ახალი ლაბრატორია, რომელიც უახლოეს ხანში თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება, ბევრ პრობლებას გადაჭრის ნიადაგმცოდნეობის მიმართულებით: „ძალიან მნიშვნელოვანია, ნიადაგის სრულფასოვანი კვლევის ლაბორატორიის შექმნა. როდესაც ის სრულფასოვნად აღიჭურვება, მომსახურებას გაუწევს ფერმერებს, რომელთაც ანალიზი გამოყენებითი მიზნებისთვის სჭირდებათ. გარდა ამისა ლაბორატორია გააკეთებს ძალიან დიდ საქმეს. ის ნიადაგების რეალურ მდგომარეობას მთელი საქართველოს მასშტაბით შეისწავლის“. სპეციალისტების აზრით, ნიადაგის გამოკვლევა აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო წარმოების დაწყებამდე. მიღებულ შედეგებზე დაწერილი დასკვნის გათვალისწინება შესამჩნევ ეკონომიკური ეფექტს იძლევა და ნაკლები დანახარჯებით ფერმერს მეტი მოსავლის მიღება შეუძლია. „ყველასთვის ცნობილია, რამდენი ძალისხმევა ეხარჯებათ ადამიანებს, როცა ცდილობენ სასუქებით გაზარდონ მოსავალი და ამ მცდელობას არ მოაქვს სასურველი შედეგი იმის გამო, რომ ნიადაგის ანალიზი არ არის გაკეთებული. როცა ფერმერს ეცოდინება, მისი ნიადაგი რომელ კონკრეტულ კულტურას შეესაბამება, მაშინ ეს მცენარე მოსავლიანი, ბუნებრივი პირობების მიმართ გამძლე და ჯანსაღი იქნება. შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტი ძნელი წარმოსადგენი არ არის“, - აცხადებს ლალი მაძღარაშვილი. ამჟამად ნიადაგის კვლევას ორი კერძო ლაბორატორია აკეთებს : „შპს მულტიტესტი“ და „ჰაინც ფერის სახელობის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის და ბუნების დაცვის ლაბორატორია“. „შპს მულტიტესტი“ სოფელ დიღომში, დიდგორის ქუჩის 13 ნომერში მდებარეობს. მას რეგიონული ფილიალები არ აქვს. ლაბორატორია 2005 წლიდან ფუნქციონირებს, აქვს საერტაშორისო აკრედიტაცია და ISO-ს (საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის) სტანდარტებით მუშაობს. „მულტიტესტი“ მომხმარებლებს ორი სახის მომსახურებას სთავაზობს. ერთ შემთხვევაში ლაბორატორიის კონსულტანტები დისტანცირებულად უხსნიან ფერმერებს ნიადაგის სინჯების აღების წესებს და ლაბორატორიაში თავად დაინტერესებულ პირებს მიაქვთ ნიმუშები. მეორე შემთხვევაში კი, როცა ნიადაგის თავისებურებიდან გამომდინარე საჭიროა აგროქიმიკოსის ადგილზე ჩასვლა და სინჯების აღება, ანალიზებს ლაბორატორია იღებს. „მულტიტესტი“-ს ადმინისტრატორი ნატა ძიძიკაშვილი ამბობს, რომ დასკვნა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით იწერება და ფერმერს რეკომენდაცია ეძლევა კონკრეტულ კულტურაზე, ასევე შესაძლებელია კულტურის შერჩევაც: „ანალიზებზე დაყრდნობით დგინდება, რა ტიპის ნიადაგია, რით არის მდიდარი, რა აკლია ამ ეტაპზე მოცემული კულტურისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ეს კულტურა უკვე შერჩეულია. იწერება დასკვნა არჩეული კულტურისთვის და ხდება სასუქების დოზების გაანგარიშება. თუ კულტურა არ არის შერჩეული, მაშინ ამ ნიადაგისთვის ყველაზე შესაფერის ოპტიმალურ კულტურას აგროქიმიკოსი ადგენს“. ჰაინც ფერის სახელობის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის და ბუნების დაცვის ლაბორატორიაც ნიადაგის სინჯების კვლევით არის დაკავებული. „მულტიტესტი“-ს მსგავსად არც ამ ლაბორატორიას აქვს რაიონული ფილიალები და აგრარული უნივერსიტეტის შენობაშია განთავსებული. ლაბორატორიის დირექტორი პროფესორი თეო ურუშაძე ამბობს, რომ ისინი სინჯებს განსაკუთრებული სიფრთხილით იკვლევენ, რათა დამკვეთი ზუსტი შედეგებით მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს: „ჩვენთან ყველა ანალიზს ორ-სამჯერ ვაკეთებთ, რომ ცდომილებისგან დაზღვეულები ვიყოთ. პასუხების დადგენის ვადა ერთი თვეა. ჩვენ შეგვიძლია, რომ კვლევა აკლებ დროშიც დავასრულოთ. ეს ვადა გვაქვს დაწესებული იმისთვის, რომ განმეორებითი გამოკვლევა მოვასწროთ. ფერმერი აბსოლუტურად დაზღვეული უნდა იყოს და კვლევის ზუსტი შედეგები მიიღოს.“ ურუშაძის თქმით, ნიადაგის კვლევის მნიშვნელობას ფერმერები თანდათან უფრო აცნობიერებენ: „ფერმერების მხრიდან ნიდაგის კვლევით დაინტერესება მასიური არ არის, მაგრამ რომ შევადაროთ დინამიკა 2006 წლიდან დღემდე, შედარება არ არის. თუმცა ის რაც უნდა იცოდეს დღეს ფერმერმა, ეს განათლება მას აკლია. სჯობის, თანხა ერთხელ გაიღო, ნიადაგის კვლევა გააკეთო და იცოდე შენი ნიადაგის მდგომარეობა. შემდეგ სასუქიც დაგეზოგება და ზუსტად გეცოდინება ისიც, როგორ უნდა მართო ნიადაგი". ჰაინც ფერის სახელობის ლაბორატორიის ნიადაგის კვლევის მომსახურების ტარიფები იმ პარამეტრებისთვის, რომელიც ყველაზე უფრო მოთხოვნადია, დაახლოებით160 ლარი ღირს. „მულტიტესტი“-ს ტარიფი იგივე მომსახურებისთვის კი 70-100 ლარის ფარგლებში მერყეობს. იმ შემთხვევაში, თუ აგროქიმიკოსის ადგილზე მიყვანა გახდა საჭირო, ნიადაგის კვლევის ფასს კიდევ 90 ლარი ემატება. აგროქიმიკოსის ტრანსპორტირებაც შემკვეთმა უნდა უზრუნველყოს. არის შემთხვევები, როცა ერთი სინჯი საკმარისია დიდი მოცულობის ერთგვაროვანი ნიადაგისთვის, მაგრამ ზოჯერ რამდენიმე სინჯის აღებაა აუცილებელი ნიადაგის სპეციფიკიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში მომსახურების ტარიფი პროპორციულად იზრდება. ორივე ლაბორატორიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტარიფი ყოველთვის სტანდარტული არ არის და მისი ოდენობა შესასრულებელი სამუშაოს სირთულიდან გამომდინარეობს. თუმცა, ტარიფის ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, ლაბორატორიები შემკვეთს წინასწარ ატყობინებენ. ურუშაძე აცხადებს, რომ: „ჰაინც ფერის სახელობის ლაბორატორია უახლოეს მომავალში ფილიალის გახსნას დასავლეთ საქართველოში გეგმავს, რადგან ამ რეგიონში ნიადაგის კვლევაზე დიდი მოთხოვნაა“. მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებში ცენტრიდან მოშორებულ რეგიონებში ლაბორატორიების ფილიალები ზუსტად ასეთივე პრინციპით ვითარდება - ლაბორატორიები იხსნება იქ, სადაც არის მოთხოვნა.
| Print |
FaceBook Twitter Google