ეკონომიკა
დედა ფუტკარი საქართველოდან კონტრაბანდული სახით გაჰყავთ
უნიკალური თვისებების გამო ქართულ დედა ფუტკარზე მაღალი მოთხოვნაა. eugeorgia.info-ს ინფორმაციით, ამჟამად მისი ექსპორტი არ ხორციელდება. ამიტომ ის უცხოეთში ძირითადად კონტრაბანდული სახით გადაჰყავთ. ადგილობრივ ბაზარზე 1 ცალი დედა ფუტკარი 20-25 ლარი ღირს, უცხო ქვეყანაში გადაყვანის შემთხვევაში კი შესაძლოა, მისი ფასი 100 დოლარსაც აჭარბებდეს. ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ქართული ფუტკარი (Apis mellifera caucasica-Georgia) მსოფლიოში აღიარებული ყველა სხვა ჯიშის ფუტკარს შორის საუკეთესოა თავისი ბიოლოგიური და სამეურნეო-სასარგებლო ნიშან-თვისებებით. ქართული ფუტკარი თავისი გრძელი ხორთუმით არის გამორჩეული. მისი ხორთუმის სიგრძე 7,2 მმ-ს აღწევს. ასეთი გრძელი ხორთუმი სხვა არცერთი ჯიშის ფუტკარს არ აქვს. გრძელი ხორთუმის გამო ქართული ფუტკარი ნექტარს ისეთი სანექტრეებიდანაც იღებს, რომლებიც სხვა ჯიშის ფუტკრებისთვის მიუწვდომელია. მშვიდ და სტაბილურ კლიმატურ პირობებში (საერთაშორისო კონგრესებსა და გამოფენებზე), ქართული ფუტკრის ერთმა ოჯახმა 97 კგ-მდე თაფლი მოიტანა. ქართული ფუტკარი განსაკუთრებით შრომისმოყვარეა. ის ადრე დილიდან გვიან საღამომდე მუშაობს, ყველაზე შორ მანძილზე დაფრინავს და ნექტარს მცირე წვიმის დროსაც კი აგროვებს, მაშინ როცა სხვა ფუტკარი სკიდან არ გამოდის. გარდა ამისა, მშვიდია და მეფუტკრეს მასთან დამცავი საშუალებების გარეშეც შუძლია მუშაობა. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფუტკრის საჯიშე მეურნეობა, სადაც ქართული მთის რუხი ფუტკარი გამოჰყავდათ, საბჭოთა პერიოდში ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში მდებარეობდა. იმ დროისთვის ქართული დედა ფუტკარი ექსპორტზე 50-მდე ქვეყანაში გადიოდა. მეურნეობა 90-იან წლებში დაიშალა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი მაია ფეიქრიშვილი ამბობს, რომ სამწუხაროდ, ქართული ფუტკარი უკანასკნელ წლებში მისსავე სამშობლოში დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. "არასწორმა მთაბარობამ, დარგისადმი არაპროფესიონალურმა მიდგომამ, ზოგ შემთხვევაში კი სხვა ქვეყნებიდან ფუტკრის უკანონო შემოყვანამ, მნიშვნელოვანი სიძნელეები შეუქმნა მისი წმინდა სახით შენარჩუნებას. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს ქართული ფუტკრის ცალკეულ პოპულაციებზე ჩატარებული სასელექციო სამუშაოებით მისი ტიპიური გენოფონდის შენარჩუნება. ცენტრი შექმნის დღიდან მუშაობს სამეცნიერო თემაზე -,,ქართული ფუტკრის პოპულაციების (მეგრული, გურული, ქართლური) იდენტიფიცირება და სანაშენე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა“. პირველ რიგში სამუშაოების განხორციელება გადავწყვიტეთ ქართული ფუტკრის მეგრულ პოპულაციაზე, რადგან ეს ის ფუტკარია, რომელმაც მსოფლიო აღიარება და სამი დიდი ოქროს მედალი მოუპოვა ქართულ ფუტკარს. კვლევითი სამუშაოების წარმატებით განხორციელება ქართული ფუტკრის გენოფონდის შენარჩუნების წინაპირობაა; ძირითადი შედეგი იქნება მეცნიერული ბაზის შექმნა ქართული ფუტკრის სანაშენე მეურნეობისათვის, რომელიც გამოიყენებს მეცნიერული კვლევით შერჩეულ სარეპროდუქციო მასალას; მოგვიანებით მოხდება დედა ფუტკრების ხელოვნურად გამოყვანა, განაყოფიერება და რეალიზაცია, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, რაც უზრუნველყოფს მის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე. ჩატარდება გენეტიკური კვლევა, რომლის შედეგებით დაინტერესდება მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების ის წრე, რომელიც სადღეისოდ ფუტკრის პოპულაციურ-გენეტიკური ბიომრავალფეროვნების შესწავლით და შესაბამისი მონაცემთა ბაზის ( Bee Base) შექმნითაა დაკავებული", - აცხადებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი. მისივე თქმით, ქართული დედა ფუტკარი შესაძლოა, ქვეყნისთვის ისევ შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდეს, მაგრამ ამისთვის გარკვეული სამუშაოები უნდა ჩატარდეს: "21-ე საუკუნეში გენეტიკური პასპორტიზაციის გარეშე საქართველოდან ფუტკარს არავინ გაიყვანს. ექსპორტისთვის ფუტკარს უნდა ახლდეს დოკუმენტი-სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა მხოლოდ შესაბამისი აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ. ახლა მთელს მსოფლიოში ფუტკარზე მოთხოვნა გაზრდილია. მითუმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ში ფუტკრის 30% დაიხოცა". 1958 წლიდან საქართველოს ნაკრძალის სტატუსი აქვს და ქვეყანაში სხვა ჯიშის ფუტკრების შემოყვანა აკრძალულია. თუმცა, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ირკვევა 2014 წელს (იანვარი-აგვისტო) ფუტკრის იმპორტმა ისრაელიდან, ირლანდიიდან და თურქეთიდან 5700 ცალს მიაღწია. "ეს ნიშნავს, რომ კანონი არ სრულდება. სამწუხაროდ, სტატისტიკის მონაცემებიდან არ ჩანს, რა მიზნით შემოიყვანეს ფუტკარი საქართველოში, ან სად წაიყვანეს ის. შესაბამისად, შეუძლებელია თვალი მივადევნოთ ამ პროცესს და განვსაზღვროთ, ხომ არ მოახდენს ამ ფუტკრების შემოყვანა გავლენას ქართული ფუტკრის ჯიშურ სიწმინდეზე," -ამბობს მაია ფეიქრიშვილი. ცენტრში უკვე შექნილია სანაშენე მეურნეობის აღდგენის და განვითარების გეგმა. "ექსპედიციური კვლევის საფუძველზე ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მოძიებულია იზოლირებული ადგილი ლეუკუნე-ხობისწყლის ხეობის ერთ-ერთ უბანში, უმოკლეს ვადებში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები მუხურის ყოფილი საჯიშე მეურნეობის ტერიტორიაზე. გაზაფხულიდან გაგრძელდება საიმედო საფუტკრეებისა და ფ/ოჯახების მოძიება და სასელექციო-სანაშენე საქმიანობის წარმართვა,"- აცხადებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ალექსანდრე კორძახია.
| Print |
FaceBook Twitter Google