ეკონომიკა
უცოდინარი მეფუტკრეები და თაფლში აღმოჩენილი ანტიბიოტიკების ნარჩენები
ევროკავშირს თაფლის შემოწმებასთან დაკავშირებით მკაცრი მოთხოვნები აქვს. ამ მოთხოვნებიდან ყველაზე მთავარი თაფლში ანტიობიოტიკების და პესტიციდების ნარჩენების დადგენაა. გარდა ამისა, მკაცრად არის გაწერილი თაფლში ზოგიერთი ნივთიერების დასაშვები რაოდენობები და საერთოდ აკრძალული ნივთიერებები. eugeorgia.info-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე თაფლის შემოწმება ანტიობიოტიკების და პესტიციდების ნარჩენებზე საქართველოში არცერთ ლაბორატორიას არ შეუძლია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში თაფლის ხარისხობრივ მონიტორინგს 2012 წლიდან ატარებს. ლაბორატორიული კვლევისთვის თაფლის სინჯები ლატვიის ქალაქ რიგაში, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია „ბიორში" იგზავნება. 2013 წელს ამ ლაბორატორიაში თაფლის 42 ნიმუში გაიგზავნა. აქედან 17 სინჯში ანტიბიოტიკების ნარჩენები აღმოჩნდა. 2014 წელს ამავე ლაბორატორიაში კვლევისთვის საქართველოს სხვადასხვა მეურნეობებიდან და მაღაზიებიდან აღებული თაფლის 103 სინჯი გაგზავნეს. "ლაბორატორიულ შემოწმებას საქართველოს სამომხმარებლო ბაზრის დაცვის და ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის ხელშეწყობისთვის ვატარებთ. ჩევნი მთავარი მიზანია, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელი არ იყოს. რიგაში გაგზანილი 103 სინჯიდან 32 ნიმუშში, ანუ მესამედში, ანტიბიოტიკების ნარჩენები ისევ აღმოჩნდა," - აცხადებს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე. კვლევის შედეგები დამაკმაყოფილებელი რომც ყოფილიყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე მეორე დღესვე დაუბრკოლებლად შევიდოდა. ამ ეტაპზე ევროკავშირი საქართველოს თაფლის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას სწავლობს. თაფლის ნიმუშების ლაბორატორიული შემოწმება ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. გარდა ამისა, მოწმდება საქართველოს საკანონმდებლო ბაზა და თაფლის მწარმოებელთა ინფრასტრუქტურა. 2014 წლის ნოემბერში საქართველოში ევროკავშირის ექსპერტები ჩამოვიდნენ, ამ ეტაპზე მთავრობა მათგან კონკრეტულ რეკომენდაციებს ელოდება, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს თაფლის ექსპორტს. "რიგაში ჩატარებული კველევის შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენს მეფუტკრეებს პროფესიული ცოდნა არა აქვთ. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში 3900-4000 ტონა თაფლი იწარმოება. ჩვენი ინფორმაციით, მეფუტკრეობას 50 000-ზე მეტი ადამიანი მისდევს. მათი 99,6% მოყვარულია. მხოლოდ რამდენიმე მეფუტკრეს ჰყავს ფუტკრის 300, ან სამასზე მეტი ოჯახი. მოყვარული მეფუტკრეების ცოდნის დონე ძალიან დაბალია. როცა ევროკავშირი გაძლევს უფლებას, რომ მის ბაზარზე ყოველწლიურად 1500 ტონა თაფლი შეიტანო, სახელმწიფომ უნდა კეთილი ინებოს და მეფუტკრებს ცოდნის ამაღლებაში დაეხმაროს. ადამიანს, რომელსაც ფუტკრის 20-30 ოჯახი ჰყავს, სწავლის ფული არ აქვს. მეფუტკრემ უნდა იცოდეს, რას მოითხოვს მისგან თაფლის ტექნიკური რეგლამენტი და ისიც, როგორ უნდა შეასრულოს ეს მოთხოვნები. მონიტორინგს, რომელიც 2012 წელს დაიწყო, მუდმივი სახე უნდა ჰქონდეს. ამ მონიტორინგისთვის საქართველოში უნდა არსებობდეს ლაბორატორია, რომელსაც ექნება საერთაშორისო აღიარება და ევროკავშირის მიერ იქნება აკრედიტებული. თაფლი უნდა გამოკვლეული იყოს ამ ლაბორატორიაში და ამ კვლევების საფუძველზე გაიცეს სერტიფიკატი, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს. თუ ეს პროცედურა ვერ, ან არ განხორციელდება, ვერცერთი გრამი თაფლი ვერ გავა ევროკავშირში. მეეჭვება, რომ წელს ევროკავშირში თაფლის გატანა მოვასწროთ, " - ამბობს საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილი. სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა აცხადებს, რომ ანტიბიოტიკების ნარჩენებსა და პესტიციდებზე თაფლის ევროკავშირის სტანდარტით შემოწმებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 2015 წლის სექტემბრიდან შეძლებს. როგორც კაჭარავა აცხადებს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ტრენინგების სახით ფერმერებთან გარკვეული საგანმანათლებლო სამუშაო უკვე ჩაატარა. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ თაფლის სინჯებში, რომელსაც სააგენტო წელს აიღებს, მავნე ნარჩენები აღარ აღმოჩნდება და თაფლი ექსპორტისთვის მზად იქნება. როგორც მეფუტკრეობის განვითარების ჯგუფ "ფუტკარას" დირექტორი მიხეილ თეთრუაშვილი ამბობს, პრობლემა მხოლოდ ანტიბიოტიკების ნარჩენებში არ არის. იმისთვის, რომ მეწარმეებმა საფუტკრე მეურნეობა ევროკავშირის ტექნიკური რეგლამენტების და მოთხოვნების შესაბამისად მოაწყონ, ფულია საჭირო. "ამჟამად მეფუტკრეთა დიდი ნაწილი თაფლს ალუმინის, ან თუთიის ცენტრიფუგებში წურავს, რასაც ევროკავშირი კატეგორიულად კრძალავს. მეწარმეებს არც შესაბამისი სტანდარტის შესანახი ჭურჭელი აქვთ. თაფლი, როგორც წესი, მცირე რაოდენობებით იყიდება, რაც მეწარმეებს შემოსავლის შეგროვების საშუალებას არ აძლევს. მეფუტკრეს აუცილებლად დასჭირდება იაფი კრედიტი. პრობლემა ის არის, რომ ცოცხალ საქონელს, ცხვარი იქნება ეს, ძროხა თუ ფუტკარი, კომერციული ბანკები მაღალი რისკის შემცველ ფაქტორად აფასებენ და ასეთი საქონლის მფლობელ ფერმერს მეურნეობის განვითარებისთვის სესხს არ აძლევენ. თუ ადამიანს საწარმო აქვს, პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში მას იაფ კრედიტს მისცემენ. მეფუტკრეს, რომელსაც ფუტკარი ჰყავს, საწარმო არ აქვს. ფუტკრის ოჯახების გამრავლებისთვის და მეურნეობის გადაიარაღებისთვის მათ ფულს არავინ აძლევს." 2015 წლის 15 იანვარს ხელი მოეწერა ევროკავშირის დახმარების პროგრამას, რომლის მთავარი მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებაში და საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციაში. ამ მიზნით საქართველო ევროკავშირისგან მომდევნო 4 წლის განმავლობაში 44,5 მლნ ევროს მიიღებს ( აქედან 25 მილიონი ევრო საბიუჯეტო დახმარებაა). შეთანხმების თანახმად, მცირე და საშუალო ბიზნესს ახალ რეგულაციებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში მეწარმეობის განვითარების სააგენტო უნდა დაეხმაროს, სააგენტოს კი მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ არ დაუწერია.
| Print |
FaceBook Twitter Google