ეკონომიკა
ბიზნესი მთაში გადასახადებისაგან თავისუფლდება
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთის კანონპროექტზე მუშაობის დასრულების თარიღად თებერვლის ბოლო დაასახელა. სამუშაო ჯგუფი ამ პროექტზე რამდენიმე თვეა მუშაობს. საბოლოო ვარიანტზე შეჯერება უკვე მოხდა. კანონის იდეა მთაში დეპოპულაციის შეჩერება და მსგავსი რეგიონების განვითარებაა. ამ მიზნით ხელისუფლება გარკვეული შეღავათებისა და მთის მოსახლეობისთვის წამახალისებელი ნაბიჯების გადადგმას აპირებს. პროექტის მიხედვით, მეწარმე, რომელიც მთის რეგიონებში დაიწყებს ბიზნესს, ამაში ადგილობრივ რესურსს გამოიყენებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს, 3 წლის განმავლობაში გადასახადებისგან გათავისუფლება, რეინვესტირების შემთხვევაში კი ბიზნესმენს გადასახადები კიდევ 3 წლის განმავლობაში ჩამოეწერება. კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით, რეინვესტირების შემთხვევა გათვალისწინებული არ იყო და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბიზნესმენი გადასახადებისგან 5 წლის განმავლობაში თავისუფლდებოდა. კანონპროექტის დამუშავებაში ჩართული მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა არაბული „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ეს ვადების შემცირებას არ ნიშნავს და პირიქით, უკეთესი ვარიანტია მეწრამეებისთვის, რადგანაც რეინვესტირების შემთხვევაში არა 5, არამდენ 6 შეღავათიან წელს ნიშნავს. მთის კანონი ადგილობრივი მუდმივი მცხოვრებლებისთვის საშუალოდ 50%-ით მაღალი ხელფასებისა და პენსიების დანიშნვნასაც გულისხმობს. საუბარია ჯანდაცვისა და განათლების მუშაკების შედარებით მაღალ ხელფასებზე. ამასთან, კობა არაბულის ინფორმაციით, შემოდის მუდმივი და დროებითი მცხოვრებლის სტატუსი. პროექტში ჩადებულია, რომ მუდმივი მცხოვრები ნიშნავს პირს, რომელიც 12 თვიან პერიოდში 9 თვეს მთაში ატარებს, დროებითი მცხოვრების სტატუსი კი 12 თვიან პერიოდში 6-თვეს მთაში ცხოვრებას გულისხმობს. შესაბამისად, დროებითი და მუდმივი მცხოვრებლებისთვის სხვადასხვა საშეღავათო სისტემა იარსებებს. კანონს ასევე შემოაქვს ის კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ტერიტორია, რომ მთის კანონი შეეხოს. „არის თვლადი პარამეტრები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს მუდმივად ვამციროთ ამ კანონის ქვეშ მყოფი დასახლებული ტერიტორიის ოდენობა, იმიტომ, რომ სიტუაცია შეიცვლება დადებითისკენ. ის, ვინც აღარ ჩაჯდება ამ სტანდარტებში, აღარ შეეხება ეს კანონი. ამდენად, ეს იქნება კლებადი ხარჯი სახელმწიფოსთვის, იმის მიხედვით, რამდენად ინტენსიურად განვითარდება პროქტები და პროგრამები“,- აცხადებს არაბული და აღნიშნავს, რომ პირველადი შედეგები პირველივე წელს შესამჩნევი იქნება. რაც შეეხება ისეთ შედეგებს, რომლითაც განისაზღვრება ტერიტორია უნდა დარჩეს თუ არა მთის კანონის გავრცელების არეალში, ასეთ ვადად 3 წელია განსაზღვრული. „კანონის მიხედვით განსაზღვრულია 3 წლიანი ვადა, რა პერიოდშიც რეგულარულად მოხდება გადახედვა ამ სიებისა. ვფიქრობთ, რომ 3-წლიანი ვადა ის ვადაა, რომელსაც შეუძლია სერიოზული შედეგების მოტანა“,- აცხადებს არაბული. მისივე თქმით, კანონში ჩადებულია ფონდის შექმნა სახელმწფო ბიუჯეტიდან, საუბარია საბჭოს შექმნაზე პრემიერის დონეზე, რომელიც მთის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე მიიღებს გადაწყვეტილებებს, ასევე რეგიონულ სამინსტროში შეიქმნება დეპარტამენტი. კანონის აღსრულებისთვის ჩამოყალიბდება მთის სააგენტოც. რაც შეეხება ხარჯებს, რომელიც მთის კანონის ამქომედების შედეგად გაჩნდება, არაბული ამბობს, რომ ამის დაანგარიშება ამ ეტაპზე რთულია, რადგანაც არ არსებობს ზუსტი მონაცემები რამდენი ადამიანი ცხოვრობს მთაში. „ახლა ჩატარდა აღწერა და ამ წლის შუა პერიოდში უკვე გვეცოდინება სად ვინ გვყავს. აღწერის შედეგებზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. დაუჯდება ეს სახელმწიფოს გარკვეული თანხა, მაგრამ სხვანაირად ვერ იქნება. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვკარგავთ იმაზე უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე ფულია“,- აცხადებს არაბული. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კანონპროექტის შეჯრებული ვარიანტი მთავრობას უნდა წარედგინოს, რის შემდეგაც, პარლამენტს გადაეგზავნება.
| Print |
FaceBook Twitter Google