ეკონომიკა
ხორცით მოვაჭრეები ჯარიმების გადახდას არ აპირებენ [video]
გურჯაანის “გლეხური ბაზრის” მოვაჭრეები ჯარიმების გადახდას არ აპირებენ და სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების თანამშრომლების გადაწყვეტილების გასაჩივრებით იმუქრებიან. როგორც ისინი განმარტავენ, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნების შეუსრულებლობა მათი ბრალი არ არის, რადგან „გლეხურ ბაზარში“ არ არსებობს არც საკანალიზაციო სისტემა, არც გაზი და წყალი. მოვაჭრეების პოზიციას მხარს უჭერს „გლეხური ბაზრის“ ადმინისტრაციის დირექტორი ლამარა აკოფაშვილი და აცხადებს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების სამსახურმა მეხორცეების და ბაზრის მდგომარეობა არ გაითვალისწინა და ჯარიმები უსაფუძვლოდ გამოწერა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი ელენე გიორგაძე კი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ მათ ურთიერთობა აქვთ კონკრეტულად ბიზნესოპერატორებთან და იმის მიუხედავად, სავაჭრო ობიექტი ნაქირავებია თუ მფლობელობაშია, პასუხისმგებლობა მოვაჭრეს ეკისრება და არა ბაზრის ადმინისტრაციას, რადგან ხორცის რეალიზაციას ბიზნესოპერატორები ეწევიან. მისივე თქმით, ხორცით მოვაჭრეებს სიტუაციის გამოსასწორებლად ახალი გონივრული ვადა 15 მარტამდე მიეცათ, რის შემდეგაც მოხდება მათი გადამოწმება საჭიროების შემთხვევაში მათი ხელახალი დაჯარიმება 1200 ლარით. შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების სამსახურმა გურჯაანის “გლეხური ბაზრის” 10 მოვაჭრე 400-400 ლარით დააჯარიმა. http://youtu.be/qmqJ3A3i3P8
| Print |
FaceBook Twitter Google