ეკონომიკა
ქველმოქმედის იმედად დატოვებული ველისციხის წყალი [Video]
ველისციხეში, ხევის უბნის მოსახლეობას 7 თვეა წყალი არ მიეწოდება.ავზი, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებში დადგეს, იმ საღამოსვე ჩამოვარდა. უბნის მაცხოვრებლებს პრობლემის მოგვარების იმედი აღარ აქვთ რადგან, ავზი დაჭრეს და ჯართში ჩასაბარებლად გაამზადეს. "წყლის გაყვანა, აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყეს. ცისტერნა მიშა გიორგაძემ თავის ადგილში დადგა. წყალი სამი უბნისთვის უნდა მიეწოდებინა. ტრაქტორი ჩვენ მოვიყვანეთ, გავაჭრევინეთ, შლანგები ვიყიდეთ. ტრასა რომ გაიყვანეს, იქაც ტრაქტორის თანხა 400 ლარი გადავიხადეთ. ონკანები გავაკეთეთ და ეს ყველაფერი დაახლოებით 100 ლარის ფარგლებში დაგვიჯდა. ხალხმა ფული ისესხა და შლანგები ისე იყიდა. ზოგს მაშინდელი ვალები ეხლაც აქვს, მაგრამ საყრდენმა 3 საათიც ვერ გაძლო, ცისტერნა ჩამოვარდა და გასკდა. ამით დამთავრდა ყველაფერი. მიშას რამდენჯერმე მივმართეთ, მისთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის. გვითხრა გავაკეთებო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია. მთელი ზაფხული ურიკებით ვეზიდებოდით წყალს, წელი გვაქვს მოწყვეტილი."-აღნიშნა speqtri.ge -სთან საუბარში ინგა ბეგაშვილმა. ადგილობრივი ხელმძღვანელობის უყურადღებობაზე საუბრობს ამავე უბნის მაცხოვრებლი დონარი ბოსტოღანაშვილი. მისი თქმით, მთავრობას ხალხი მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება. "რაც ეგ ამბავი მოხდა, ჩვენით აღარავინ დაინტერესებულა. დენის ფულის გადასახდელად რომ მივდივართ, წყლის ფულსაც ითხოვენ. არჩევნები რომ მოვა, მერე დაიწყებენ უბან-უბან სირბილს და დასვენების საშუალებას არ მოგცემენ. ახლა კი ჩვენი დარდი არავის აქვს. მიწა რომ გადათხარეს და მილები ჩააწყეს, ისე დაანებეს თავი, მიყრითაც ჩვენ მივაყარეთ. დღემდე არ ვიცით საერთოდ მოვა თუ არა წყალი." როგორც ველისციხის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პროპორციული სიით გასულმა დეპუტატმა მიხეილ ბეჟანიშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე ადგილობრივ თვითმმართველობას რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ პასუხი ვერავისგან მიიღო. "სოფელს წყალი რომ არ ჰქონდა, მუნიციპალიტეტიდან ფორსმაჟორში გამოიყო 5 ათასი ლარი. შედგა პროექტი, რომლითაც წყალი სამ უბანს უნდა მიეღო. მაგრამ საქმე ბოლომდე არ მივიდა. ბიდონი, რომელიც დადგეს, იმ საღამოსვე ჩამოვარდა. ამის შესახებ, მაშინვე ყველას მივაწოდე ინფორმაცია, მაგრამ რეაგირება ნული. თვითონ მიშა გიორგაძეს რა წვლილი მიუძღვის ამაში, ვერ ვარკვევთ, ინფორმაციას არავინ გვაძლევს, მალავენ. ვისაც ამასთან შეხება აქვს, ყველას მივმართე, მაგრამ მხრებს იჩეჩავენ. ფაქტი კი ერთია, ხალხი უწყლოდ არის დარჩენილი." საკითხის გასარკვევად გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს დიმიტრი კალატოზიშვილს მივმართეთ. "წყლის ავზი ყოფილ ადგილმრეწველობის ტერიტორიაზე, მისმა მეპატრონემ მიხეილ გიორგაძემ დაამონტაჟა. ეს გააკეთა ქველმოქმედებით, რადგან სოფელს ამ ზაფხულს ძალიან უჭირდა წყალი. ჩვენ მოგვცა ნება, რომ ცისტერნაზე დაგვეერთებინა ქსელი. მუნიციპალიტეტიდან დაფინანსდა 5 ათასი ლარის სამუშაო, რომელიც ინდმეწარმე თეიმურაზ ფურცელაძემ შეასრულა. ამ 5 ათას ლარში გავაკეთეთ მხოლოდ ტუმბოს მონტაჟი და ქსელის მოწყობა.რაც შეეხება ავზს, მონტაჟის პერიოდში ეტყობა ტექნიკური ხარვეზი იყო, რამაც მისი ჩამოვარდნა გამოიწვია. მიხეილ გიორგაძე აპირებს ისევ დადგას ახალი ცისტერნა. ქსელი, რაც ჩვენ გვეხება, მწყობრშია. როდის გაკეთდება, კონკრეტულად ვერ გეტყვით."-აღნიშნა მან. როგორც ჩვენთან არაოფიციალურ საუბარში მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, ავზის დადგმა მოკლე დროში მოხდება და უბნებს წყლის მიწოდება აღუდგება. თუმცა ფაქტი ერთია, ბიუჯეტიდან გახარჯულია 5 ათასი ლარი და სამი უბნის წყალმომარაგება დღეს მხოლოდ ერთი მოქალაქის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. http://youtu.be/nbNPQG1rels
| Print |
FaceBook Twitter Google