ეკონომიკა
სიღნაღში 2 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია ბავშვთა კვების მწარმოებელი გერმანული კომპანია HIPP-ის აქციონერს, შტაფან ჰიპპის შეხვდა. როგორც შეხვედრაზე შტაფან ჰიპპიმ განაცხადა, კომპანიამ შეისწავლა ის პოტენციალი, რომელიც საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა ხილისა და ბოსტნეულის წარმოების თვალსაზრისით არსებობს და აქვს სურვილი გაზარდოს საკუთარი წარმოების არეალი და მასშტაბი. მოსამზადებელ ეტაპზეა დასავლეთ საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის შემნახელი მეურნეობის პროექტი. HIPP-ი ასევე დაინტერესებულია კახეთის რეგიონში, კერძოდ სიღნაღში, ხილისა და ბოსტნეულის პირველად და გადამამუშავებელ წარმოებაში 2 მილიონ ევრომდე ინვესტიცია განახორციელოს. აღსანიშნავია, რომ ბავშვთა კვების მწარმოებელი გერმანული კომპანია HIPP-ი უკვე რამდენიმე წელია წარმატებულ საქმიანობას ეწევა საქართველოში, კერძოდ, ქ. ხაშურში, სადაც კომპანია ხილის კონცენტრატის გადამამუშავებელ საწარმოს ამუშავებს. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე პროექტებზე, რომელთა მიზანიც ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდის და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაა. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ახალ სამთავრობო პროექტზე „დანერგე მომავალი“, რომლის მიზანიც საქართველოში მრავალწლიანი კულტურების ინტენსიური ბაღების გაშენებაა.
| Print |
FaceBook Twitter Google