ეკონომიკა
საფრანგეთი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაეხმარება
პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა გახსნა. გამოფენას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ესწრებოდა. გამოფენის ფარგლებში ლევან დავითაშვილი საფრანგეთის თესლისა და სარგავი მასალის მწარმოებელთა გაერთიანების ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თესლისა და სარგავი მასალის სერთიფიცირების თანამედროვე სისტემის დანერგვის მნიშვნელობას. საფრანგეთის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა აღნიშნული სისტემის დანერგვასა და შესაბამისი აკრედიტაციის მიღების პროცესში საქართველოს დახმარება გაუწიოს. საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პალატაში გამართულ შეხვედრაზე, ლევან დავითაშვილმა ექსტენციის სისტემის შექმნისა და დანერგვის მიმარულებით საფრანგეთის გამოცდილების შესახებ პალატის ხელმძღვანელი პირებისგან მიიღო ინფორმაცია. შეხვედრა გაიმართა საფრანგეთის კოოპერატივების გაერთიანების ხელმძღვანელობასთანაც. აღინიშნა, რომ საფრანგეთის მხარე მზად არის საქართველოს დახმარება გაუწიოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სისტემის განვითარებაში. საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების მწარმოებელთა გაერთიანებაში (FranceAgriMer) გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის განსაზღვრის, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ურთიერთობის, ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტების დაცვისა და სერთიფიცირების საკითხებს. გამოფენა პირველ მარტამდე გაგრძელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google