ეკონომიკა
მაღალმთიან რეგიონებს ავსტრიული მოდელით განავითარებენ
სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი ავსტრიის მაგალითზე ცხოვრებისათვის ნაკლებად სახარბიელო ტერიტორიების კრიტერიუმების განსაზღვრა და ხელშემწყობი პროგრამების წარდგენა იყო. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ავსტრიის საერთაშორისო ორგანიზაციის (ADA) ინიციატივით გამართული შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა მოხსენებით გახსნა. „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მაღალმთიანი რეგიონებია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება ცხოვრებისათვის ნაკლებად სახარბიელო ტერიტორიების განვითარების მიმართულებით. დღეს განვიხილეთ ავსტრიის მაგალითი, რომელიც, მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მისაღები და გამორჩეული მოდელია. ჩვენი მიზანია ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლის შედეგადაც ასეთი ტერიტორიებიდან მოსახლეობის მიგრაცია არ მოხდება და ეკონომიკური აქტივობა გაიზრდება. უნდა შევინარჩუნოთ ის მიკროზონები, რითაც ვამაყობთ. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა. "ცხოვრებისათვის ნაკლებად სახარბიელო ტერიტორიების კრიტერიუმების განსაზღვრის პროექტის" თემაზე პრეზენტაცია ავსტრიელმა ექსპერტებმა წარმოადგინეს. აღნიშნული სამუშაო შეხვედრა „ADA/FAO-ს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების” პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა. აღნიშნული პროგრამის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლება. პროექტის ფარგლებში ტექნიკური მხარდაჭერა გამიზნულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, რათა მოხდეს ცხოვრებისათვის ნაკლებად სახარბიელო ტერიტორიებისათვის პოლიტიკის შემუშავება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლად სიღარიბის დაძლევის კუთხით. სამუშაო შეხვედრის დისკუსიის ნაწილში გამოიკვეთა ცხოვრებისათვის ნაკლებად სახარბიელო ტერიტორიების ტიპები და ასეთი ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად საჭირო ორგანიზაციული სტრუქტურა. შეხვედრის ბოლოს განისაზღვრა სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაში ჩართულები იქნებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებები, სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტი, საქართველოს რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო, საქსტატი და აგრარული უნივერსიტეტი. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიგლა აგულაშვილი.
| Print |
FaceBook Twitter Google