ეკონომიკა
გაქცეული ინვესტორი და შეჩერებული პროექტი
საკრებულომ გურჯაანში სანაპიროს ქუჩაზე დახურული ტიპის აუზის მშენებლობის საკითხი განიხილა, რასაც დეპუტატებს შორის კამათის გარეშე არ ჩაუვლია. თავის დროზე აუქციონზე გამარჯვებულმა, ნოდარ ფირანიშვილმა, ვალდებულება ვერ შეასრულა და პროექტი საკრებულოს სხდომაზე ხელახლა წარადგინა. როგორც მან განმარტა, პროექტს ახალ პარტნიორთან ერთად განახორციელებს. „მყავდა ინვესტორი, რომელიც მპირდებოდა რომ სამუშაოებს მალე დავიწყებდით, მაგრამ საზღვარგარეთ წავიდა და რა უნდა მექნა?! ამიტომაც გადავწყვიტე, რომ სხვა ადამიანი შემომეყვა ნაწილში, ეს არის ნოდარ ზაკალაშვილი. გამგეობაც საქმის კურსშია."-განმარტა მან სხდომაზე. ნოდარ ფირანიშვილის ინიციატივაზე ეჭვი ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე, ავთანდილ ზარდიაშვილმა გამოთქვა. "გამგეობის მომართვის საფუძველზე გამოვაცხადეთ აუქციონი. აღნიშნულ პიროვნებას ობიექტი 25 წლის ვადით გადაეცა. სამწუხაროდ, მან წარმოდგენილი გეგმა, რომლის მიხედვითაც 2014 წელს ინვესტიციის სახით ასი ათასი ლარი უნდა დაეხარჯა, ვერ განახორციელა. მაშინაც იყო ჩემგან კითხვის ნიშნები, მაგრამ მუნიციპალიტეტმა ასე ჩათვალა საჭიროდ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. მუნიციპალიტეტი გათვალისწინებული ნორმებით იხელმძღვანელებს. იმედს ვიტოვებ, რომ პირობებს ეხლა მაინც შეასრულებენ, თუმცა ძალიან მეპარება ეჭვი. "-აღნიშნა მან. პროტესტი გამოთქვეს და ინიციატივას მხარი არც დაუჭირეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმაც. "რამდენიმე თვის წინ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ სანაპიროს ქუჩაზე უნდა აშენებულიყო დახურული ტიპის საცურაო აუზი. როგორც ხედავთ, დღესდღეობით იქ არაფერი გაკეთებულა. თითქმის ერთწლიანი ჩავარდნის შემდეგ საკრებულოზე ისევ გამოიტანეს ეს საკითხი. ადამიანი, რომელმაც სახელმწიფოს წინაშე აიღო ვალდებულება, განაცხადა, რომ ინვესტორი ქვეყნიდან გაექცა. როდესაც ვალდებულებას იღებ, მას შესრულებაც სჭირდება. დღეს მოიყვანა ადამიანი და ამბობს, რომ მან უნდა გააგრძელოს აუზის მშენებლობა. უმრავლესობამ ამას მხარი დაუჭირა. ჩვენ და კიდევ რამდენიმე დეპუტატი ვიყავით წინააღმდეგი. რამდენად გამართლდება საკრებულოს არჩევანი, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება."-აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა თეიმურაზ ბუწაშვილმა და იქვე განმარტა, რომ საეჭვოა რამდენად მოხერხდება აუზის ფუნქციონირება. "ჩვენ კითხვები დავუსვით ფასებზე, და ისეთი არარეალური თანხა თქვა (30 ლარი), რომ აუზის არსებობა კი არა, ალბათ წყლის გათბობაც ვერ მოხერხდება. ამის გამო ვეჭვობთ, რომ საერთოდ დაიწყება თუ არა მშენებლობა. უკვე გვაქვს ოლიმპიურ სტანდარტებთან მიახლოებული ტიპის ბასეინი, რომლის ფუნქციონირებისთვისაც სახელმწიფომ თანხა არ გამოყო. მაშინ, როცა იქ მხოლოდ წყლის ჩასხმაა საჭირო."-აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ ნოდარ ფირანიშვილს გურჯაანში სანაპიროს ქუჩაზე მდებარე საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული აუზის ადგილას დახურული ტიპის აუზის მშენებლობა ორი წლის ვადაში უნდა დაესრულებინა. თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.
| Print |
FaceBook Twitter Google