ეკონომიკა
საძოვრის გარეშე დარჩენილი მესაქონლეები პირუტყვს ნაგავსაყრელებზე აძოვებენ
ეკონომიკის სამინისტრო საძოვრებს აუქციონის წესით 5-წლიანი იჯარით ასხვისებს, მაშინ როცა კახეთის მოსახლეობა საძოვრების სიმცირეს აპროტესტებს და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. კახელების აზრით, საქონლის შენახვა რთული გახდა, რადგან პირუტყვს საკვები არ ჰყოფნის, დამატებითი კვების საშუალება კი უმრავლესობას არ აქვს. საძოვრების არარსებობის გამო, მწყემსები საქონელს მხოლოდ გზის პირზე აბალახებენ. თუმცა, არის შემთხვევები, როცა პირუტყვი ბაღებსა თუ ნათესებში გადადის, რაც სადავო ხდება. აქვე ისიც საყურადღებოა, რომ ნაკვეთებში ძოვება არც საქონლისთვის არის უსაფრთხო. „მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოდის განცხადებები, რომ საქონელი ატმის ბაღებს უნადგურებთ. პრობლემაა ისიც, რომ სოფლის მენახირეები პირუტყვს შეწამლულ ბაღებში აბალახებენ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, საქონელი დაიხოცოს,“ - განმარტავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი დავით ნიკოლაშვილი. გურჯაანის მკვიდრს, მურთაზ ეხვაიას 9 სული მსხილფეხა პირუტყვი ჰყავს. საქონლის მომრავლება ერთი დეკეულით დაიწყო და იმედი ჰქონდა, რომ ფერმას გააკეთებდა. თუმცა ახლა მათი შენახვა უჭირს. როგორც ეხვაია speqtri.ge-სთან საუბარში განმარტავს, საქონელს, ვენახების, ნარგავების და დამუშავებული მიწებისგან მოშორებით, ნაგვით სავსე ხევის პირას აძოვებს, რადგან ეშინია სხვისი საკუთრება არ გააფუჭოს. „ხევი ნაგვითაა სავსე. მიუხედავად იმისა, რომ კანონი მიიღეს, ხალხი ნაგავს მაინც თავის ნებაზე ჰყრის. მეშინია საქონელმა ან ცელოფანი, ან სხვა რამე ნარჩენი, ან შხამი არ შეჭამოს და არ მოკვდეს. გზის პირზე გამოვიყვან და ახლა იმის მეშინია, ვინმეს ვენახში ან ატმის ბაღში არ გადავიდეს. თავისუფალ, დასამუშავებელ მიწაზე თუ შევიყვან საძოვებლად, მეპატრონე ჩხუბობს, ჩემი მიწაა და პირუტყვი გარეკე, ტკეპნიანო. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ“. მისივე თქმით, გზის პირზე ცხვრებსაც აძოვებენ, ცხვრის გავლილზე კი ძროხა ვეღარ ძოვს და მშიერი რჩება. ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს ყიტაანის მკვიდრი რომან გუძეშვილი. „ჩუმლაყელებმა მთელი საძოვრები გადაგვიხნეს. ხევის პირებზეც, სადაც ვაძოვებდით, იქაც კი დაამუშავეს. რომ მივალ და საყვედურს ვეუბნები, ყვირის - შენი ხომ არ არის, რა გინდაო? სხვა რა უნდა გავაკეთო, ვეჩხუბო, ვცემო თუ რა ვუყო?!“ „საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ბექა გონაშვილი მიწების აუქციონის წესით გასხვისების კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან მიაჩნია, რომ ადგილობრივი გლეხი თუ ფერმერი ამ საკითხში გამოცდილ ინვესტორს კონკურენციას ვერ გაუწევს. „დღესდღეისობით, შესაძლოა, ჩვენს ფერმერებს გაუჭირდეთ ვიღაცას კონკურენცია გაუწიონ აუქციონზე, უფრო მეტიც - გამორიცხულია. წარმოიდგინეთ რა რთულია კახელი გლეხისთვის, რომელიც სადღაც მინდორშია, დაჯდეს, ინტერნეტში მიტინგი აწარმოოს და კონკურენცია გაუწიოს ვიღაცას. ეს აბსურდია“. მისივე თქმით, ინვესტორები, რომელთაც მსგავს აუქციონებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება და ფინანსური საშუალება აქვთ, თავს მიწის გადაქირავებით ირჩენენ და ფერმერებს ცხოვრებას უძვირებენ. ხშირ შემთხვევაში მიწის მფლობელს საქონელი არ ჰყავს. დღეის მდგომარეობით კი, საძოვრები მეცხვარეების დაახლოებით 70%-ს მათგან ორმაგ, ან სამმაგ ფასად აქვს ნაქირავები. „ვისაც თავის დროზე საშუალება ჰქონდა, მიწა იყიდა, ან იჯარით აიღო და ახლა გადაქირავებით ირჩენს თავს, რაც გადასახადის კუთხით, თანხობრივად ძალიან დიდ ციფრებზე ადის. მაგალითად, მიწის გადასახადი ჩვეულებრივ თუ 1 ჰექტარზე 15-16 ლარია, იმ ადამიანებს, რომლებიც საძოვრისთვის მიწას ქირაობენ, 40-60 ლარის გადახდა უწევთ“. „მეცხვარეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს ისეთი გეგმა, რომ საძოვრები გაიცეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ხალხზე, ვისაც საქონელი ჰყავს და ეს მიწა რეალურად სჭირდება. „ხშირად ინვესტორი, რომელიც მიწას იჯარით იღებს, არაფერში იყენებს და ისე უგდია, მაშინ როდესაც ამ საძოვარს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. არ შეიძლება ეკონომიკის სამინისტრო ამ მიწებს აუქციონის წესით ნებისმიერ მსურველზე ასხვისებდეს, რადგან მესაქონლე, რომელსაც 10 სული ძროხა ან 50 სული ცხვარი ჰყავს, შესაძლოა, საძოვრის გარეშე დარჩეს“. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ხათუნა ტეტუნაშვილის ინფორმაციით, საძოვრები აუქციონის სახით ნებისმიერ მსურველზე (თუ ის აუქციონში გაიმარჯვებს) იჯარით გაიცემა და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. „ვინც განაცხადს შემოიტანს და ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის, ის გახდება ამ მიწის დროებითი მფლობელი (5 წლით). ვერ გეტყვით სამინისტრო რას ითვალისწინებს, მაგრამ აუქციონი საჯაროა და ვისაც სურვილი ექნება, ის მიიღებს მონაწილეობას, ჩვენ არავის ვზღუდავთ. როგორ შეიძლება ვიღაცას აუკრძალო აუქციონში მონაწილეობა? ჩვენს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონები ძალიან გამჭვირვალეა. სამინისტროში შემოდის განაცხადები, რომელიც შემდგომ განიხილება და ამის საფუძველზე გაიცემა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები“. სახელმწიფო ქონების სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის იანვრიდან დღემდე 81 ერთეული აუქციონი შედგა. სააგენტოს მიერ ამ ეტაპზე იჯარით (დროებით სარგებლობაში) გაცემის მიზნით გამოცხადებული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე 104 ერთეული ელექტრონული აუქციონი.
| Print |
FaceBook Twitter Google