ეკონომიკა
ობიექტის საკუთრების სანაცვლოდ შეთავაზებული დენი
„გლეხური ბაზრის“ მოვაჭრეების თქმით, ადმინისტრაცია ელექტროენერგიას გაუთიშავთ თუკი „გამქირავებელ-დამქირავებლის“ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერენ. როგორც ხორცით მოვაჭრე ილია ქევხიშვილი speqtri.ge-სთან საუბარში განმარტავს, დენის გამანაწილებელი, რომელიც ბაზრის ტერიტორიაზეა განთავსებული, მოვაჭრეებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს, თუმცა ბაზრის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ობიექტი მათ მიწაზეა და მისი დაშლას გეგმავს. „დილემის წინაშე გვაყენებენ, უნდა ავირჩიოთ; ან დენი, ან ობიექტების დათმობა, რადგან თუ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, ეს ჩვენი მხრიდან იქნება ოფოციალური აღიარება, რომ ტერიტორია მათი საკუთრებაა, მაშინ როდესაც საკუთრების თემაზე სასამართლო მიმდინარეობს. თუ ხელს არ მოვაწერთ, ქვეაბონენტებად ვერ დავრეგისტრირდებით და დენს გაგვითიშავენ“. ქევხიშვილი განმარტავს, რომ დამოუკიდებელ აბონენტად დარეგისტრირება და დენის შეყვანა შეიძლება, თუმცა ძალიან ძვირი ჯდება (მისი თქმით, დაახლოებით 2 000 ლარი), რისი საშუალებაც მოვაჭრეებს არ აქვთ. ხოლო თუ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ, ბაზრის ქვეაბონენტებად დარეგისტრირდებიან და დენის შეყვანა მაქსიმუმ 200 ლარი დაუჯდებათ. ამ საკითხზე ვესაუბრეთ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ლამარა აკოფაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ გამანაწილებელი ძველია და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. „ნაპერწკლებს ყრის, ზამეკანია ხდება, შესაძლებელია ერთხელაც ვინმე იმსხვერპლოს, თანაც დენის გადახდის დრო რომ მოდის, სათითაოდ უნდა ჩამოვიარო და თანხა ავკრიბო, რადგან აბონენტად მხოლოდ „გლეხური ბაზარია“ დარეგისტრირებული და პასუხისმგებლობაც ჩვენ გვეკისრება. მოვაჭრეები სააბონენტოს იხდიან, თუმცა გამანაწილებლის გაუმართაობის გამო, ხშირად სხვაობის გადახდაც უწევთ, რაზეც ღიზიანდებიან და უარს ამბობენ. გვინდა, რომ ეს ხალხი ქვეაბონენტებად დავარეგისტრიროთ, რათა ყველას თავისი გადასახადის გადახდა დამოუკიდებლად შეეძლოს, თუმცა ეს პროცესი ხელშეკრულების გარეშე ვერ მოხდება. ხელშეკრულებას, ამ შემთხვევაში, თავად კახეთის ენერგოდისტრიბუცია ითხოვს“, - ამბობს აკოფაშვილი. ხორცით მოვაჭრეების მტკიცებით კი, ეს მოთხოვნა ბაზრის ადმინისტრაციის მორიგი ფანდია, რათა მათ დამატებითი პრობლემები შეექმნებათ.
| Print |
FaceBook Twitter Google