ეკონომიკა
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის სამონტაჟო სამუშაოები დაიწყო
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჭოტორის მთაზე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შემადგენლობაში მყოფი რადიოლოკაციური სადგურის სამონტაჟო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე რადიოგამჭვირვალე გუმბათის აწყობა მიმდინარეობს. სულ რეგიონში 83 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო წერტილი განთავსდება და რვავე მუნიციპალიტეტს მოიცავს. სისტემის პირველი სატესტო სროლები აპრილის ბოლო რიცხვებში გაიმართება, სრულ ფუნქციონირებას კი ზაფხულიდან დაიწყებს. სისტემის მშენებლობას სწორედ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" ახორციელებს. აღნიშნული სისტემის ამოქმედების შემდეგ კახეთის რეგიონში სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 85-95%-ით შემცირდება. სისტემის მოწყობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14,7 მილიონი ლარია გამოყოფილი. ყველაზე ძლიერი სეტყვა კახეთში 2012 წლის 19 ივლისს მოვიდა. სტიქიამ გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლის და საგარეჯოს რაიონებში რამდენიმე ათასი ოჯახი დააზარალა. დაისეტყვა ვენახები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეული. გურჯაანის სოფლებში ველისციხეში, ვაზისუბანში, შაშიანში, კალაურსა და ვაჩნაძიანში სეტყვამ მოსავლის 100% გაანადგურა.
| Print |
FaceBook Twitter Google