ეკონომიკა
საკვები პროდუქტები და თამბაქო 13,6 %-ით გაძვირდა
2015 წლის თებერვალში 2015 წლის იანვართან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,3 პროცენტით გაიზარდა. ინდექსი გაზრდილია 2014 წლის თებერვალთან შედარებით 5,4 პროცენტით და 2005 წლის საშუალოსთან შედარებით 72,6 პროცენტით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ინფორმაციით, 2015 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია დამამუშავებელ მრეწველობაზე ფასების 1,3 პროცენტით ზრდამ, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე 1,08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (1,2 პროცენტი) და მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (2,1 პროცენტი). ფასები შემცირდა ქიმიურ წარმოებაზე, ცვლილებამ -5,4 პროცენტი შეადგინა. 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ დამამუშავებელი მრეწველობაზე, სადაც ფასები გაიზარდა 7,8 პროცენტით და შესაბამისად, სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 6,40 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე, ცვლილებამ 13,6 პროცენტი შეადგინა, მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე ფასებმა 7,5 პროცენტით მოიმატა. ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე ფასებმა 26,5 პროცენტით მოიმატა· ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილებაზე ფასები შემცირდა 3,9 პროცენტით, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე -0,51 პროცენტული პუნქტით აისახა.
| Print |
FaceBook Twitter Google