ეკონომიკა
ენერგოდამზოგავი, LED განათების სისტემა, შესაძლოა რეგიონებშიც დამონტაჟდეს
თბილისთან ერთად LED განათების განთავსებაზე რეკომენდაციით რეგიონებსაც მიმართეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ნარმანიამ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, თბილისში დიოდურ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა მომავალ კვირას გამოცხადდება. საბჭომ მოიწონა თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც თბილისის 100 000 სანათის დიოდურ სანათებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით, დიოდური სანათი მნიშვნელოვნად დაზოგავს ელექტროენერგიის ხარჯებს. სამჯერ უფრო ეფექტურია განათების თვალსაზრისით და მისი ექსპლუატაციის ვადა 10 წელია. ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, გარე განათების ქსელში არსებული სანათების დიოდურით ჩანაცვლება ახლო მომავალში რეგიონებშიც განხორციელდება. „ჩვენს გამოცდილებას გაიზიარებენ სხვა თვითმმართველობები და რეგიონებშიც მოხდება გარე განათების შეცვლა. რაც შეეხება თბილისს, უპირატესობა მიენიჭება ინვესტორს, რომელიც ასევე შემოგვთავაზებს საამწყობო ქარხნის მშენებლობის წინადადებას. აღნიშნული პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. პირიქით, დავზოგავთ ელექტროენერგიას და გარე განათების ექსპლუატაციის ხარჯებს, რომელიც იქნება ინვესტორის მოგება. სამაგიეროდ, ჩვენ დაგვრჩება უკეთ განათებული ქალაქი,"- განაცხადა დავით ნარმანიამ. მერიის მიერ გადახდილი ელექტროენერგიის ხარჯი დაახლოებით, 8.5 მილიონი ლარია, მიღებული ეკონომია ამ თანხის 60-70% იქნება.
| Print |
FaceBook Twitter Google