ეკონომიკა
"დანერგე მომავალი" – ფასადური პროექტი თუ რეალური შანსი ფერმერებისთვის?
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით დაგეგმილი პროექტი "დანერგე მომავალი" ითვალისწინებს კახელი ფერმერების იმ კატეგორიის მხარდაჭერას, რომლებიც 5 ჰა-ზე მეტ მიწის ნაკვეთს ფლობენ. კახელები ასეთ შეზღუდვას უარყოფითად აფასებენ. სამინისტროს არგუმენტი კი ისაა, რომ ეს კომერციული პროექტია. კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 5 ჰექტარი მიწის ფართობი (რიგ რეგიონებში აღნიშნული ფართობი შეადგენს მინიმუმ 1 ჰექტარს). ამ სტანდარტს კახელები უსამართლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ პროექტი "დანერგე მომავალი" არა მცირემიწიანი, არამედ მსხვილი ფერმერებისთვისაა განკუთვნილი. „კახეთში 5 ჰექტარზე ნაკლები მიწებიც უნდა დაფინანსდეს. უსამართლობაა, რომ ბენეფიციარი ვერ იქნება თუნდაც 4 ჰექტარი მიწის მფლობელი. ამ პროექტის შესახებ თქვენგან გავიგე და ეს იდეა ძალიან მომეწონა, თუმცა 5 ჰექტარი მიწის არქონის გამო, პირადად მე, ვერ ჩავერთვები,“ - ამბობს ჩუმლაყელი ვალოდია ბერულაშვილი. მუკუზნელი გოჩა ბაბუხაძის თქმით, თუ მთავრობას ფერმერების ხელშეწყობა ნამდვილად სურს, ეს სტანდარტი უნდა გააუქმოს, რადგან პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა მცირემიწიან ფერმერებსაც უნდა ჰქონდეთ. „სახნავი მიწის ფართობი კახეთში ბევრია, მაგრამ უმრავლესობას 5 ჰექტარზე მეტი მიწა არ აქვს. თუ ეს სტანდარტი არ გაუქმდა, გლეხები დაიჩაგრებიან. გამოდის, რომ ეს პროექტი ყველასთვის არ ყოფილა“. მის აზრს იზიარებს გურჯაანელი ემზარ ზარდიაშვილიც: „თუკი სხვა რეგიონში არის იმის საშუალება, რომ ერთი ჰექტარი დაფინანსდეს, კახეთში რატომ არ უნდა იყოს ასე? 2-3 ჰექტარი პატარა ფართობი არ არის. კახეთში წარმატებულად განხორციელდება ეს პროექტი, რადგან ბევრნაირი ხილი ხეირობს.“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი მამუკა კვარაცხელია ამბობს, რომ პროექტი კომერციული ბაღების შექმნაზეა გათვლილი. „კახეთში არსებობს ხუთ ჰექტარზე მეტი სახნავი მიწის ფართობების დიდი ოდენობა. შესაბამისად, რეგიონი ვერ მოხვდა იმ სიაში, სადაც დასაშვებია არანაკლებ ერთი ჰექტარი მიწის ფართობი“. რომელი კულტურების გაშენება ფინანსდება კახეთში? კახელების თქმით, პრობლემაა ისიც, რომ პროექტი ყველა სახის ნერგის გაშენებას არ აფინანსებს. კურკოვანი კულტურებიდან კახეთში დაფინანსდება ატმის, ქლიავის და ბლის ბაღები; სუბტროპიკული კულტურიდან ხურმა და ბროწეული; კაკლოვნებიდან - კაკალი და ნუში, ისიც ორივე სახეობა გვიანმოყვავილე. პროექტის მიხედვით კენკროვანი და თესლოვანი კულტურები არ ფინანსდება. მამუკა კვარაცხელიას თქმით, ამ კულტურების სია პირველი ვერსიაა და სრულყოფილი არ არის. „ჩვენ ეს კულტურები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად შევარჩიეთ. ამ კულტურების რეგიონული გადანაწილება მოხდა იმ პრინციპით, თუ რომელ რეგიონში რამდენად პერსპექტიულია თითოეული მათგანი. მესმის, რომ შესაძლოა, იყოს ცალკეული მუნიციპალიტეტები, სადაც პერსპექტიულია ისეთი კულტურა, რომელიც ჩამონათვალში მითითებული არ არის, მაგრამ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და ეს ნუსხა დაიხვეწება“. რაც შეეხება კულტურების შერჩევისას შემოწმდა თუ არა ნიადაგი, პროექტების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ ასეთი კვლევა მასშტაბურად არ ჩატარებულა. „ბენეფიციარი, რომელიც დაინტერესებული იქნება საკუთარ მიწაზე, ესა თუ ის კულტურა გაშენოს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრში წარადგენს ნიადაგის ლაბორატორიულ ანალიზს. კვლევის ღირებულებას პროექტის ფარგლებში ყველა იმ ბენეფიციარს ავუნაზღაურებთ, ვინც დაფინანსებას მიიღებს.“ კვარაცხელიას თქმით, მრავალწლიანი კულტურის ეს სახეობები მათი პერსპექტიულობის და მაღალი მოსავლიანობის თვალსაზრისით შეირჩა. „ეს პროექტი არის რამდენიმეეტაპიანი: პირველი ეტაპი არის თანამედროვე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ბაღების გაშენება, რათა მაღალი ხარისხის პროდუქცია მივიღოთ, რომელიც დღევანდელი ბაზრის (ადგილობრივი თუ საერთაშორისო) კონიუნქტურას აკმაყოფილებს“. როგორც კვარაცხელია განმარტავს, მრავალწლიანი კულტურების ჩამონათვალში მოცემულია თითოეული რეგიონისთვის კარგად ნაცნობი და გავრცელებული სახეობები. თუმცა, ადგილობრივების თქმით, კახეთში ყოველ წელს აქტიურად დგას ატმის რეალიზაციის პრობლემა. მათ მოსავლის მოყვანა კი არა, გასაღება უჭირთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მამუკა კვარაცხელია გვარწმუნებს, რომ მსგავსი პრობლემა ფერმერებს აღარ ექნებათ, რადგან მოწეულ მოსავალს შესაბამისი ინფრასტრუქტურა დახვდება. „მეორე ეტაპი, რაზეც პარალელურად ვმუშაობთ, არის ის, რომ ახლადგაშენებულ ბაღებში მოწეულ მოსავალს შესაბამისი ინფრასტრუქტურაც დახვდეს (გადამამუშავებელი, შემნახველი თუ დამფასოებელი). ეს დღეებია სწორედ, ამ პროექტზე ვმუშაობთ. თუმცა, აქვე დავამატებ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ინფრასტრუქტურული კუთხით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებშიც საკმაოდ ბევრი საწარმო დაფინანსდა“. უნდა აღინიშნოს, რომ ბენეფიციარები ნერგებს თანადაფინანსებით შეიძენენ. ზემოთ ჩამოთვილი კულტურების ნერგების შესყიდვას (ატამი, ქლიავი, ბალი) სახელმწიფო 3.5 ლარით დააფინანსებს. მამუკა კვარაცხელიას თქმით, პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტანციის ცენტრებში, ანუ ადგილობრივ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები „დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში ამ კვირიდან დაიწყებენ რეგიონულ ვიზიტებს და პროექტთან დაკავშირებით პრეზენტაციებს ჩაატარდებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google