ეკონომიკა
თელავში ათ კილოვატიანი მიწისქვეშა სადენი საჰაერო სადენით შეიცვლება
სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ ქალაქ თელავში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე გამანაწილებელი ქსელის მიწისქვეშა ძალოვან ელექტროსადენს საჰაერო სადენით შეცვლის. კაბელი აღნიშნულ ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ცოტახნის წინ შეცვლილ რკინა-ბეტონის ახალ საყრდენებზე განთავსდება. დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" კუთვნილი 10 კვ-იანი მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზი ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ წყალ-საკანალიზაციო სისტემაზე მიწის უკანონო სამუშაოების შესრულების დროს დააზიანა. "კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების მიუხედავად, 800 მეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის სრულყოფილად აღდგენა და გამართული ფუნქციონირება შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ გარემოების გათვალისწინებით, კომპანია დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე გამანაწილებელი ქსელის მიწისქვეშა სადენის დემონტაჟის და საჰაერო ტრასაზე მონტაჟის სამუშაოებს გეგმავს. 10 კვ-იანი ელექტორგადამცემი ხაზზე დაგეგმილი სამუშაოების განხორციელების მიზნით, მიმდინარე წლის 24 მარტს 10-დან 16 სთ-მდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდება სატრანსფორმატორო ჯიხურს ,,ინტერნატები“. დროის ამ მონაკვეთებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დემეტრე თავდადებულის ქუჩის მცხოვრებლებს. დაგეგმილი სამუშაოების დამთავრებისთანავე აღნიშნული ქუჩის ელექტრომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google