ეკონომიკა
კოოპერატივების კანონში ცვლილებები შედის
24 მარტს ბიზნესცენტრში „დიდუბე პლაზა“ „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ და „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა. განხილვაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, ევროკავშირისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. კანონში შესატანი ცვლილებები სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ წარადგინა. კანონპროექტით განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში წევრთა შენატანების განხორციელების, კოოპერატივის მოგების განაწილების წესი და შემოსავლების მიღების რიგითობა. ცვლილებები მიზნად ისახავს აგრო-კოოპერატივების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების ადმინისტრირების მოქნილი მექანიზმის შექმნას. ცვლილების თანახმად, სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო უფლებასმოსილი იქნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე სუბიექტებზე გრანტი გასცეს. ცვლილებების ტექსტით დაზუსტდა ტერმინთა განმარტების რამდენიმე პუნქტი, კერძოდ დაკონკრეტდა მეპაიეს ეკონომიკური მონაწილეობის, დემოკრატიული მართვისა და პაის ცნებები. ამასთანავე გაჩნდა რამდენიმე ახალი ტერმინი, ისეთი როგორიცაა დამატებითი საპაიო შენატანი, ასოცირებული წევრის შენატანი, კოოპერაციული შემოსავალი და სასოფლო-სამეურნეო სასაქონლო ბრუნვა. "კოოპერაცია აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ხელს უწყობს, ფერმერული მეურნეობების გამსხვილებას, ადგილობრივი პროდუქციის წახალისებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოებას. კანონში ცვლილებები მიმართულია კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობების მოწესრიგებისათვის, კოოპერატივების გაძლიერებისა და მდგრადობის ხელშეწყობისათვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სწორი მიმართულებით განვითარება ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ ზრდას და მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებას", - განაცხადა ოთარ დანელიამ. კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციები - Oxfam, People in Need, Care International, Mercy Corbs, UNDP, ასევე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ევროკავშირის ატაშე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის - ხუან ეჩანოვე.
| Print |
FaceBook Twitter Google