ეკონომიკა
„წვიმაში დაგებული გზა ზაფხულამდე ფაქტიურად აღარ იქნება“ [Photo]
ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის ცხრაკილომეტრიანი მონაკვეთი, პროექტის დასრულებამდე დაზიანდა. ხარვეზების აღმოფხვა კომპანიამ ბიტუმის გამოყენებით სცადა. შპს „გზამშენპროექტის“ ტექნიკურ დირექტორს, რომელსაც ხარისხის შემოწმება ყოველთვიურად ევალებოდა, გზის ასეთი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად მიაჩნია. როგორც გურჯაანელი ტაქსის მძღოლები განმარტავენ, რეაბილიტაციამდე გზა საშინლად დაზიანებული იყო, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო კი, შესაძლოა, ძველ მდგომარეობას დაუბრუნდეს. „აბა რა გითხრათ, თავადაც ხომ ამჩვენვთ, როგორ არის გაკეთებული. უხარისხოა, გადაკერილ-გადმოკერილი. მასე იმიტომ დაემართა, რომ ზამთარში აგებდნენ, წვიმაში და უბედურებაში, ზაფხულამდე გზა ფაქტიურად აღარ იქნება“, -ამბობს ერთ-ერთი მძღოლი, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი იმიტომ შეიკავა, რომ შეეშინდა კრიტიკული კომენტარის გაკეთებისთვის პასუხი არ მოსთხოვონ. გურჯაანელი „ტაქსისტების“ თქმით, გადაკერილი გზა ცოტა ხანში ახლიდან იქნება შესაკეთებელი. „ეგე, ხომ ხედავთ, დაკერებული გაიქუცა. ეხლა პატარა ზოლია, მაგრამ ცოტა ხანში გაფართოვდება და იამკებიც გაჩნდება. ასეთი რამდენიმე იამკა უკვე დააკერეს ვეჯინსა და კოტეხში.“ Speqtri.ge საკითხით დაინტერესდა და შპს „გზამშენპროექტს“ მიმართა, რომელიც კონტრაქტის თანახმად, ვალდებული იყო გზის ხარისხი რეაბილიტაციის პროცესში ყოველთვე შეემოწმებინა. კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა, რომელმაც საკუთარი სახელი და გვარი კატეგორიულად არ გაგვიმხილა, გვითხრა, რომ გზის ხარისხი დამაკმაყოფილებელია, თუმცა თავად ეს მონაკვეთი არ უნახავს. „ხარისხი დამაკმაყოფილებელია, რაც ლაბორატორიულად არის დადასტურებული. სხვანაირად ობიექტზე მყოფი ჩვენი თანამშრომლები სამუშაოს არ მიიღებდნენ. ალბათ, ბიტუმი ჩაასხეს, მაგრამ თუ სადმე დეფექტი გაჩნდა, ესეც არ არის პრობლემა, შეასწორებენ. კონტრაქტორს ერთწლიანი საგარანტიო ვადა აქვს და იმ ვადაში უეჭველად შეაკეთებს. სიმართლე გითხრათ, მე თავად ეს მონაკვეთი არ მინახავს, ბევრი ობიექტი გვაქვს და ყველგან მისვლას ვერ ვახერხებ. ჩვენ აუცილებლად შევამოწმებთ ამ ნაწილს, ამას დამკვეთი და ხელშეკრულება ისედაც გვავალდებულებს. მართლა არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ეხლავე დავურეკავ ჩვენებს და სიტუაციას ადგილზე ნახავენ“. შპს „გზამშენპროექტის“ ტექნიკური დირექტორი (რომელიც ერთადერთია ამ კომპანიში) ამბობს, რომ სამუშაოები დიდ მონაკვეთზე საკმაოდ მცირე დროში ჩატარდა და შესაბამისად, ხარვეზები გამორიცხული არ არის. რაც შეეხება მის ვინაობას, ამბობს და სახელს და გვარს სხვა დროს გვეტყვის. შეგახსენებთ, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „საგზაო სამშენებლო-საერემონტო კომპანია „სერპანტინმა“ განახორციელა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ღირებულება 5 მილიონ 444 ათას ლას შეადგენს. „სერპანტინის“ დირექტორმა ზურაბ ფეიქრიშვილმა დაგვიდასტურა, რომ გზები ბიტუმით მისი კომპანიის თანამშრომლებმა დააკერეს, რასაც იმით ხსნის, რომ ახლადდაგებულმა გზამ ზამთარს ვერ გაუძლო. „კი, ეს სამუშაოები ჩვენებმა გააკეთეს, იმიტომ, რომ ეგ ადგილები დაზიანებული იყო. ცუდი ამინდების გამო ასფალტის ამოჭრა სწორი არ იქნებოდა. ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის პრობლემა რომ არ შექმნილიყო, ჩაკერება დროებით გაკეთდა. როცა საჭირო იქნება, მაგ მონაკვეთს ამოვიღებთ და ახლიდან ჩავაგებთ. ზამთრის პერიოდში, როდესაც თოვლი მოვიდა და მარილი დაიყარა, ასფალტის ახლადდაგებული ფენა გააფუჭა. მაგ მონაკვეთს ორი წელი ჩვენ უნდა მოვუაროთ, რადგან ხელშეკრულება ხარვეზების გამოსწორებას ამ ვადაში ითვალისწინებს. როცა უკვე ამინდები გამოვა, სადაც რამე ხარვეზი იქნება, ჩვენი ხარჯებით გამოვასწორებთ. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და ნებისმიერ ადგილზე ხდება“, - ამბობს ზურაბ ფეიქრიშვილი. მოგვიანებით, speqtri.ge შპს „გზამშენპროექტს“ კიდევ ერთხელ დაუკავშირდა იმის გასარკვევად, შეისწავლეს თუ არა გზის აღნიშნული მონაკვეთის მდგომარეობა. ტექნიკურმა დირექტორმა ამჯერად გვიპასუხა, რომ ზამთარში გზა დასკდა და ნალექების გამო უარესად რომ არ გაფუჭებულიყო, „სერპანტინის“ თანამშრომლებმა ბზარები ბიტუმით დააკერეს. „სერპანტინისა“ და „გზამშენპროექტის“ ხელმძღვანელობის განმარტებით, გზის ასეთი დაზიანება ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, აქვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, რა ეშეველება ამ მონაკვეთს ორი წლის შემდეგ, როცა „სერპანტინს“ მისი „შენახვის“ ვალდებულება აღარ ექნება. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის დასაწყისისიდან დღემდე „სერპანტინმა“ კახეთში 5 ტენდერი მოიგო, რომელთა ღირებულებამ საერთო ჯამში დაახლოებით 14 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ახმეტა-თელავი-ბაკურციხე, 5.4 მლნ ლარი; წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედი გზის რეაბილიტაცია 2.7 მლნ ლარი; თელავის მუნიციპალიტეტში ქუჩების შეკეთება 1.4 მლნ ლარი. ფშაველი-აბანო-ომალოს გზის რეაბილიტაცია 3.6 მლნ ლარი; სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ნაპირსამაგრი სამუშაოები 1.05 მლნ ლარი.
| Print |
FaceBook Twitter Google