ეკონომიკა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგის შედეგად დარღვევები გამოავლინა
სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მონიტორინგის წლიური პროგრამის ფარგლებში ხორცის ნიმუშები თბილისის და დასავლეთ საქართველოს ბაგა-ბაღების კვების ბლოკებიდან, მწარმოებელი და რეალიზატორი ბიზნესოპერატორებიდან აიღო. ხორცის და ხორცის გაყინული ნახევარფაბრიკატების შემოწმების შედეგად, ბათუმის მე-15 და მე-19 საბავშვო ბაღების კვების ბლოკებიდან აღებულ ნიმუშებში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი ლისტერია მონოციტოგენეზი. თბილისსა და დასავლეთ საქართველოს სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებულ ხორცის გაყინული ნახევარფაბრიკატების ნიმუშებში - გაყინული ხინკალი (ი.მ. „ავთანდილ ტარიელიძე", შპს „ნიქეთი", შპს „მეგა", შპს „გაამოთ"), ქაბაბი (შპს „ქართული პროდუქტი", შპს „სოლო") და ტოლმა („ნატურალ ფუდი") ასევე აღმოჩენილ იქნა პათოგენური მიკროორგანიზმი ლისტერია მონოციტოგენეზი. სამტერიის მე-9 საბავშვო ბაღიდან ამოღებულ ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა. სააგენტოს დავალებით, საბავშვო ბაღების გაერთიანებამ სრულად გაიწვია აღნიშნული ხორცის პარტია. მის განადგურებაზე ზედამხედველობას განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. ასევე დღეს დილით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციულ კავშირთან" თანამშრომლობის შედეგად თბილისში, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, ე. წ. საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე გამოვლენილია საქონლის ხორცის არალეგალური საამქრო, რომელიც ეკუთვნის ი.მ „მალხაზ ბუხნიკაშვილს". საამქროში ხდებოდა საქონლის თავების გადამუშავება და ამ პროდუქციის გამოყენება გაყინული ნახევარფაბრიკატების და ძეხვეულის წარმოებაში. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინოს ყურადღება ხორცის და ხორცპროდუქტების შეძენის და მომზადების პროცესში. შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს პროდუქციის ეტიკეტს და ვარგისიანობის ვადას, ასევე მოგიწოდებთ, რომ ხორცი არ შეიძინოთ არაორგანიზებულ რეალიზაციის პუნქტებში (კერძოდ გარევაჭრობის, არასათანადოდ მოწყობილ სავაჭრო ობიექტებში). დამატებით რეკომენდებულია ნახევარფაბრიკატების მომზადების პროცესში მოხდეს მათი სათანადოდ თერმული დამუშავება.
| Print |
FaceBook Twitter Google