ეკონომიკა
საჯარიმო სანქციები მკაცრდება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო საჯარიმო პოლიტიკის გამკაცრებაზე მუშაობს. სააგენტოში მიიჩნევენ, რომ სურსათის უვნებლობის კონტროლის ეფექტიანად განხორციელებისთვის საჯარიმო სანქცია სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს. მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ წარმოებული სურსათი საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, იგი ვალდებულია, აღკვეთოს სურსათის სარეალიზაციო ქსელში მოხვედრა ან უზრუნველყოს ქსელიდან ამოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი 1000 ლარით ჯარიმდება. ანალოგიური ქმედების განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა უცვლელი, კვლავ 1000 ლარია. სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მაკა შუბლაძის ინფორმაციით, საჯარიმო პოლიტიკის გამკაცრება იმაში მდგომარეობს, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ზემოთ აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია ნაცვლად 1000 ლარისა, 5000 ლარით განისაზღვრება. „შეიძლება ხორცს ჰქონდეს სასაკლაოს მიერ გაცემული „ფორმა 2“, თუმცა შემდეგ მოხდეს მისი დაავადება ან დაბინძურება. ამ შემთხვევაში ბიზნესოპერატორმა უნდა იცოდეს, რომ ხორცის შესანახად გარკვეული ტემპერატურული რეჟიმია საჭირო. თუ ის არ იცავს ამ კრიტერიუმს, უნდა ჰქონდეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სურსათი შესაძლოა მავნე იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ ბიზნესოპერატორმა არ მიიღო შესაბამისი ზომები, მისი ეს ქმედება სამართალდარღვევად განიხილება. შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლის დროს აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, ეს ოპერატორი დაჯარიმდება“, -განმარტა შუბლაძემ. მისივე თქმით, ცვლილებების თანახმად მოქმედ კანონმდებლობას ასევე დაემატება სხვა ახალი სახის სამართალდარღვევები და შესაბამისი სანქციები, რომელიც აქამდე არ იყო ასახული და რეაგირების გარეშე რჩებოდა. სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი და მოქნილი სისტემის ჩამოყალიბებაა. შესაბამისად, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის უვნებლობის მონიტორინგის წლიურ პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სურსათის საკვებად ვარგისიანობის დადგენის მიზნით, სათანადო წესით ხდება ნიმუშების აღება და შემოწმება. 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე, უკვე განხორციელდა 971 ინსპექტირება. აქედან საწარმოო პროცესი შეუჩერდა 12 ბიზნესოპერატორს, ხოლო დაჯარიმდა 63. არაერთ შემთხვევაში გამოვლენილი კრიტიკულად შეუსაბამო დარღვევები ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშროებას წარმოადგენდა.
| Print |
FaceBook Twitter Google