ეკონომიკა
„არხში წყლის გაშვებას ხელოვნურად აფერხებენ“- სიმონ ქოჩორაშვილი
კახეთში ჩითილების გადარგვა აქტიურად დაიწყო, თუმცა იმის გამო, რომ არხი დაწყვეტილია, ფერმერები მის მორწყვას ვერ ახერხებენ. სოფელ კარდენახის დეპუტატი სიმონ ქოჩორაშვილი speqtri.ge-სთან საუბრში ამბობს, რომ კერძო კომპანია არხში წყალს მანამდე არ გაუშვებს, სანამ მოსახლეობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხის ნახევარს მაინც არ გადაიხდის. მელიორაციის საკითხებში კახეთის რეგიონის დირექტორი ზვიად მანდარია კი ამბობს, რომ არხი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოა დამშრალი და ძალიან მალე წყალს გაუშვებენ. „ხელის შეშლა ხელოვნურად ხდება. უნდათ, რომ გლეხობამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნახევარი მაინც გადაიხადოს. არადა, სეზონი უკვე დაიწყო. გლეხობა ამ ფულს მაშინ გადაიხდის, როცა მოსავალს აიღებს და ოჯახში ორი კაპიკი შეუვა. დღესდღეობით, ამ ხალხს აღაც ძველი აქვს დარჩენილი და არც ახალი შემოსავალი გააჩნია. ამხელა თანხის გადახდა, ამ კრიზისულ პერიოდში, ძალიან გაუჭირდებათ; ასეთი გადაწყვეტილება ხალხში აჟიოტაჟს გამოიწვევს, რადგან პროდუქციის მოყვანასა და წარმოებაში ხელი ეშლებათ. ქვემო ალაზნის არხიდან ამოღებული შემოსავალი წლიურად 3 მილიონ ლარს შეადგენს, სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაში კი, მთავრობას 300 მილიონი აქვს ჩადებული. მიუხედავად იმისა, რომ მოსაკრებლის თანხა არხით საგებლობისთვის, იმ პროგრამის ერთი პროცენტია, ეს ნეგატივი ამ დადებითს გადაფარავს და ხალხის უკმაყოფილო დარჩება“, - ამბობს სიმონ ქოჩორაშვილი. ზვიად მანდარიას თქმით, არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად დაიწყო და დროულად მთავრდება, რადგან რწყვის სეზონი კახეთში მაისიდან იწყება და შემოდგომამდე გრძელდება. „ამჟამად ქვემო ალაზნის არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც, წყალი დაწყვეტილია. სრულად ხდება როგორც არხის გაწმენდა, ასევე ფარების და გამანაწილებელი ხაზების რეაბილიტაცია. ამვე დროს მიმდინარეობს დედოფლისწყაროსკენ მიმავალი გამანაწილებელი ხაზის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და ა.შ. ასეთი საფუძვლიანი სამუშაოები რამდენიმე წელია არ ჩატარებულა, თუმცა უკვე სრულდება და არხი 8 აპრილს გაიხსნება. ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა გაფრთხილებულია. მომავალში ყოველ წელს ჩატარდება ასეთი ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომ ზაფხულისთვის რწყვის სეზონზე არხს წყალი შეუფერხებლად მიეწოდოს“, - განმარტავს მადარია. შეგახსენებთ, რომ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით ერთი თვეა მიმდინარეობს და ჯერაც არ დასრულებულა. ფერმერებმა კი მოსავლის რწყვა საკუთარი ძალებით უკვე დაიწყეს, რადგან არხში წყალი დამშრალია, ვისაც საშუალება აქვს საკუთარ ნაკვეთებს რეზერვუარებით ამარაგებს. როგორც ზვიად მანდარიამ განაცხადა, არხის სიგრძე 92 კილომეტრია, საიდანაც პირველი ორმოცდახუთკილომეტრიანი მონაკვეთი მზადაა და ამ მანძილზე 8 აპრილს წყლის გაშვება მოხდება, ხოლო დარჩენილ მონაკვეთზე წყალს უახლოეს პერიოდში გაუშვებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google