ეკონომიკა
საბაჟო კონტროლის მექანიზმი ძლიერდება
საბაჟო კონტროლი დამატებითი რენტგენული საინსპექციო სისტემებით ძლიერდება. 8 აპრილს, შემოსავლების სამსახურში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას: „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის უსასყიდლო დახმარების ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის საბაჟო კონტროლის მიზნებისთვის საინსპექციო სისტემის მიწოდების შესახებ“. ხელშეკრულება ითვალისწინებს „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი გრანტის გამოყენების მიზნით, ტვირთის მობილური რენტგენოინსპექტირების ერთი სისტემისა და 10 ერთეული ბარგის, ხელბარგისა და ფიზიკურ პირთა საინსპექციო სისტემის გადმოცემას. პროდუქცია წარმოებულია ჩინური კომპანია „ნუქტექის“ მიერ. შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ საქართველოსთვის, როგორც ევროპა-აზიის ერთ-ერთ უმოკლეს და მიმზიდველ ტრანზიტულ მარშრუტზე მდებარე ქვეყნისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უზრუნველყოს კანონიერ სავაჭრო ბრუნვაში ჩართული საქონლის დაუბრკოლებელი გადაადგილება და ღირსეული წვლილი შეიტანოს რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების საქმეში. როგორც უწყებაში აღნიშნეს. ბოლო დროს გამოვლენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო ტრანზიტის არაერთი ფაქტი ნათლად მეტყველებს, რომ საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, მიმზიდველია დანაშაულებრივი ჯგუფებისთვის. სწორედ ამ გამოწვევაზე ერთ-ერთი პასუხია საბაჟო კონტროლის სისტემის გაძლიერება რენტგენული საინსპექციო სისტემებით. ეს ძვირადღირებული ინსტრუმენტი უზრუნველყოფს, შეჩერებისა და გადმოტვირთვის გარეშე, საქონლის პირველად კონტროლს კონტრაბანდული ტვირთის გამოვლენის მიზნით. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ პირველი რენტგენული ინსპექტირების სისტემა ჯერ კიდევ 2008 წელს გადმოსცა საქართველოს.
| Print |
FaceBook Twitter Google