ეკონომიკა
როდის დაიწყება კახეთში მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში ჩასართავად კახეთში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს განაცხადის შეტანა 20 აპრილის შემდეგ შეეძლებათ. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო წარმოება. პირველ ეტაპზე პროგრამა სამცხე ჯავახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაიწყო. - "ამ რეგიონებში განაცხადებს უკვე ავსებენ, დანარჩენ რეგიონებში 20 აპრილის შემდეგ დაიწყება. ამ დროისთვის გვეცოდინება რომელი ორგანიზაცია გახსნის ოფისს, ვისაც ბენეფიციარებმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ. მათი შერჩევა კონკურსის წესით მოხდება. პირველ ეტაპზე, კახეთში ასეთი ორგანიზაცია ვერ შეირჩა. განაცხადები იყო შემოტანილი, თუმცა მათ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ჩვენს ვებგვერდზე (www. qartuli.ge) გაიარონ რეგისტრაცია, ან დაგვიკავშირდნენ და მივაწვდით დამატებით ინფორმაციას," - გვითხრეს "მეწარმეობის განვითარების სააგენტოში". აღნიშნულ სამსახურში განმარტავენ, რომ პროგრამის ფარგლებში არ არის სავალდებულო განაცხადის წარდგენამდე სუბიექტი/ფიზ. პირი დარეგისტრირებული იყოს გადამხდელად (მცირე მეწარმე. ინდ. მეწარმე და ა.შ) და ჰქონდეს კონკრეტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება. -"განაცხადების წარდგენის შემდეგ, მოხდება მათი გადარჩევა და საუკეთესო განაცხადის ავტორების მიწვევა ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგზე. სპეციალური რეგისტრაცია აუცილებელი იქნება მხოლოდ ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგზე დასწრებისას, მანამდე ამის აუცილებლობა არ არის." მათივე თქმით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა ნათესავების მიერ ამხანაგობის შექმნასთან დაკავშირებით. - "პროგრამის ფარგლებში შექმნილი ამხანაგობა შეიძლება დაფუძნდეს ნათესაური კავშირების მქონე პირების მიერ. მათ შეუძლიათ მიიღონ ბენეფიციარისთვის განსაზღვრული თანადაფინანსება პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის პირობებში." როგორც ცნობილია, საუკეთესო ბიზნეს იდეების ავტორები კონკურსის წესით მოიპოვებენ თანადაფინანსებას იდეის განსახორციელებლად (5,000 ლარამდე 1 მეწარმე, 10,000 ლარამდე 2 მეწარმე, 15,000 ლარამდე 3 მეწარმე). თანადაფინანსების მოპოვების შემთხვევაში მეწარმეს მოეთხოვება თანადაფინანსების სულ მცირე 20%-ის ოდენობის ფულადი თანამონაწილეობა ბიზნესში. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელიც არ არის საჯარო მოხელე და არ აქვს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს წინაშე. ბიზნეს-გეგმების კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებენ მხოლოდ ის მეწარმეები, რომლებსაც შემოსავლების სამსახური მიანიჭებს მიკრობიზნესის, მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის სტატუსს. მეწარმეთა ჯგუფებს, კონკურსის ბოლო ეტაპზე ასევე მოეთხოვებათ გაერთიანება ამხანაგობის ფორმით. თამარ კაპანაძე
| Print |
FaceBook Twitter Google