ეკონომიკა
„ახალი საქართველო“ - ქართული ღვინის დღეები უკრაინაში
17-18 აპრილს კიევში, ღვინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მაღაზიაში - „Good Wine“ ქართული ღვინის დღეები, სახელწოდებით, „ახალი საქართველო“, ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ღვინის ექვსი მწარმოებელი საქართველოდან: „ლაგვინარი“, „იაგოს ღვინო“, „გოცაძეების საოჯახო მარანი“, „მუკუზანი“, „პეტრიაანთ მარანი“, „ვინივერია“. წარმოდგენილი იყო 25 ქართული ღვინო - საფერავი, ჩინური, თავკვერი, გორული მწვანე, ციცქა და სხვ. - ძირითადად, ქვევრის ღვინოები. ღონისძიებამ ორ დღეს გასტანა. საქართველოს ღვინის კლუბის ინფორმაციით, 17 აპრილს „Good Wine“-მა უმასპინძლა დახურულ დეგუსტაცია-სემინარს, რომელიც სპეციალურად ჩატარდა მაღაზიების, რესტორნებისა და სასტუმროების სფეროს წარმომადგენლებისთვის. ამავე დღეს ქართველ მეღვინეებს ჰქონდათ სამუშაო შეხვედრა გამოცემა „Good Wine“-ის ჟურნალისტებთან. მათივე ცნობით, ჟურნალი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს ქართულ ღვინოს. აღსანიშნავია, მარტის ნომერში გამოქვეყნებული პუბლიკაცია - „მშვენიერი საქართველო: ქვევრის მეთოდი“ მომდევნო ნომერში კი საქართველო და ქართული ღვინო გამოცემის მთავარი თემა იქნება. გამოქვეყნდება ინტერვიუები ქართული ღვინის მწარმოებლებთან; ჟურნალის გარეკანის საშუალებით უკრაინელი ხალხს ქართული ნატურალისტური მეღვინეობის სახეებს გაიცნობს. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, „ახალი საქართველოს“ პირველმა დღემ, რომელიც გამიზნული იყო ღვინის გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებზე, დიდი ინტერესი გამოიწვია პროფესიონალთა და მოყვარულთა შორის, ამიტომ 18 აპრილის ღონისძიებაზე, (რომელსაც, საბოლოოდ, ქართული ნატურალისტური ღვინის ფესტივალის სახე მიეცა), ვიზიტორების რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა. „Good Wine“ საკუთარ მომხმარებელს ხშირად სთავაზობს სხვადასხვა ქვეყნის გაცნობით ღონისძიებებს, თუმცა საზოგადოების ამგვარი ინტერესი არც ერთ სხვა აქტივობაზე არ დაფიქსირებულა. ქართული ღვინის დღეებს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, მიხეილ უკლება ესწრებოდა. დეგუსტაცია-სემინარის დახურვის შემდეგ, კიევის ქართულ რესტორანში - „შოთი“ - მეორე დახურული, ღონისძიება გაიმართა. დასასწრებად ბილეთები წინასწარ იყიდებოდა. დაინტერესებულ პირებს რესტორან „შოთში“ შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად დაკონტაქტებოდნენ მწარმოებლებს, რომელიც სტუმრებს ცალკე მაგიდებთან თავიანთ ღვინოებს წარუდგენდნენ. ღვინის კლუბის ცნობით, „Good Wine“ დიდი ხანია, რაც ქართული ღვინისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ავლენს. მაღაზიაში ქართული ღვინოები საკმაოდ სოლიდურ ადგილს იკავებს ოთახში, სადაც მაღალი ხარისხისა და საფასო კატეგორიის პროდუქციაა წარმოდგენილი. ონლაინ გაყიდვებისთვის კი კომპანია საკუთარ მყიდველებს ვებგვერდზე სთავაზობს 20 მწარმოებლის 84 ქართულ ღვინოს კომპანია ქართული ნატურალისტური ღვინის მწარმოებლებთან ერთად „ახალი საქართველოს“ პროექტზე ზაფხულიდან მუშაობს და მომავალშიც გეგმავს მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას.
| Print |
FaceBook Twitter Google