ეკონომიკა
ქართული ღვინო ქალაქ კანში
საფრანგეთის ქალაქ კანში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ცნობილი „მიშლენის“ რესტორნების ქსელის რამდენიმე ათეული სომელიე დაესწრო. ქართული ღვინის წარდგენა მიზნად ისახავდა, დამსწრე საზოგადოებას გაეცნო როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული წესით დაყენებული ქართული ღვინო, მიეღო ინფორმაცია ქართული ყურძნის ჯიშების, ვაზის და ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, კანში წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 7 კომპანიის 12 დასახელების ღვინო. ეს კომპანიებია: „შალაურის ღვინის მარანი“, „ვინივერია“, „შატო მუხრანი“, „იაგოს ღვინო“, „თელედა“, „ვიტა ვინეა“ და „შუხმან ვაინს ჯორჯია“. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე დაესწრო. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნეს, ქართული ღვინის წარდგენა „მიშლენის“ რესტორნების ქსელის წინაშე, ხელს უწყობს როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული წესით დაყენებული ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას სხვადასხვა ქვეყანაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებისა და გაფართოებისათვის.
| Print |
FaceBook Twitter Google