ეკონომიკა
„აფბა“– ლარის კურსის პრობლემა ეროვნული ბანკის პრიორიტეტბში არ ზის
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“ ლარის კურსის დევალვაციასთან (ეროვნული ვალუტის ერთეულში ოქროს შემცველობის ოფიციალური შემცირება ან მისი კურსის დაცემა უცხოურ ვალუტასთან შედარებით) დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის როლზე პოზიციას აფიქსირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტმა შოთა გულბანმა, 29 აპრილს, საიფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის“ პრეს–კლუბში ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც საუბარი არის ლარის დევალვაციის საკითხებზე, ხშირად ეროვნულ ბანკს(სებ) აკრიტიკებენ, თუმცა ბანკის მმართველობა მოხერხებულად არ იღებს მიმდინარე მწვავე პროცესებზე პასუხისმგებლობას, რის უფლებასაც მას „საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ აძლევს – „ამ ფონზე მნიშვნელოვანია განისაზღვროს ეროვნული ბანკის ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც 2009 წლიდან ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მონეტარულ პოლიტიკაზე გადავიდა, ამ ნაბიჯით ეროვნულმა ბანკმა განსაზღვრა ინფლაციის მიზნობრივი დონე და მონეტარული პოლიტიკაც ამ მთავარ ორიენტირზე აეწყო. რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების საკითხს, ეროვნულმა ბანკმა პრიორიტეტების ნუსხიდან ამოიღო“, – განაცხადა გულბანმა. მისივე თქმით, არსებობს ლოგიკური კითხვა, თუ რამდენად პასუხობს მოცემული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე საზოგადოების მოთხოვნებს ეროვნული ბანკის ორიენტირება მიზნობრივი ინფლაციის მიღწევაზე ლარის კურსის სტაბილურობის ნაცვლად: „ინფლაციის თარგეთირების დადებითი შედეგი უფრო მეტია თუ ვალუტის დევალვაციით გამოწვეული ნეგატიური შედეგი? ინფლაციის თარგეთირების მეთოდს სხვადასხვა ქვეყნები ეფექტურად იყენებენ, მაგრამ საკითხავი ის არის, თუ რამდენად მისაღებია ის ქართული რეალობისთვის? ამ კითხვებზე დასაბუთებული პასუხები არ არსებობს. დღეს ქართული ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევები ცალსახაა: ეკონომიკის მაღალი დოლარიზაცია, იმპორტზე დამოკიდებულება და მწირი წარმოების პოტენციალი, ასევე სახელმწიფო და საშინაო ვალის უცხოურ ვალუტაში დენომინირება, ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით მაქსიმალური სარგებლის მიღებას ზღუდავს. აღნიშნული ფაქტორების გამო კურსის რყევით გამოწვეული ზარალი გაცილებით დიდია იმ სარგებელთან შედარებით, რასაც ინფლაციის თარგეთირება გვაძლევს, სწორედ ამიტომ დღეს მაღალია დევალვაციის მჩვენებელი და დაბალია ინფლაცია, ანუ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად დაეცა, მაგრამ ფასების ზრდის ტემპი დაბალია“ – დასძენს „აფბას“ ვიცე პრეზიდენტი. შოთა გულბანის განცხადებით, ამ ფონზე მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაანალიზოს, რომ უცხოურ ინვესტიციებზე მკვეთრად დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა უფრო მგრძნობიარეა გარე "შოკების" მიმართ, განსაკუთრებით იმ ეტაპზე, როცა ქვეყნის შიგნით წარმოების დონე საკმაოდ დაბალია. გულბანის აზრით, ამ შემთხვევაში მთავრობის მიერ გატარებული გონივრული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მიმზიდველ საინვსტიციო გარემოს შექმნის, პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა.
| Print |
FaceBook Twitter Google