ეკონომიკა
კახეთში შესაძლოა მოსავალი წელსაც დაისეტყვოს
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის პროექტების მენეჯერმა ჯაბა ლომთაძემ განაცხადა, რომ დანადგარების მოწყობა გარკვეული პრობლემების ფონზე მიმდინარეობს. შესაბამისად, სატესტო გასროლები ივნისის დასაწყისში მოხდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები კი ამბობენ, რომ მაისი საკმაოდ სახიფათო თვეა და დანადგარების ამოქმედების დაჩქარებას ითხოვენ. ორგანიზაციის მენეჯერის ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შექმნა კახეთის რეგიონში პრობლემების ფონზე მიმდინარეობს, რაც ერთის მხრივ მის ექსპლოატაციას აფერხებს. „84 წერტილამდე გვაქვს შერჩეული და აქედან 65-მდე უკვე დამონტაჟებულია. მათზე რადიოკავშირის აგება უკვე მიმდინარეობს. დანარჩენ წერტილებზე სხვადასხვა პრობლემა შეიქმნა: ზოგი კერძო საკუთრებას დაემთხვა, რომელთან დაკავშირებითაც ვცდილობთ მფლობელებს კანონის ფარგლებში ალტერნატირული მიწები შევუძინოთ; ზოგი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გადავიტანეთ და ა.შ. თუმცა ამ ეტაპზე ძირითადი ნაწილი მოგვარებულია. მაისის ბოლოსთვის დანარჩენი წერტილების ათვისებაც მოხდება. რაც შეეხება სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს, ჩვენ მათ მაისის შუა რიცხვებში მივიღებთ, თვის ბოლოს კი, სატესტო გასროლები დაიწყება. ალბათ, ივნისის დასაწყისში უკვე გვექნება პირველი შედეგები“. გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხშირად სეტყვა მაისის თვეშო მოდის და თუ დანადგარების ამოქმედება დროულად ვერ მოხერხდა, შესაძლოა, მოსახლეობას მოსავალი წელსაც დაესეტყვოს. მან "დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მენეჯერს სთხოვა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სარაკეტო სისტემის მოწყობა და მოქმედებაში მოყვანა. ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეტყვის საწინააღმდეგო 8 საცეცხლე წერტილი დამონტაჟდა. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, „დელტას“ წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული წერტილების რიცხვი 14-მდე გაიზრდება.
| Print |
FaceBook Twitter Google