ეკონომიკა
კოოპერატივების შექმნის პრიორიტეტული მიმართულებები გურჯაანში
რა უპირატესობები აქვს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივს სხვა იურიდიულ პირებთან (შპს,სს და ა.შ.) შედარებით და რა სახის სახელმწიფო დახმარების ღონისძიებები არსებობს მათთვის? - ეს ის ძირითადი თემებია, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მოსახლეობას გააცნეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტის ალექსანდრე თათრიშვილის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 800-ზე მეტია, საიდანაც 67 კახეთის რეგიონზე მოდის. 67-დან 15 სტატუსიანი კოოპერატივი უკვე გურჯაანის მუნიციპალიტეტშია, რითაც რაიონი ლიდერია რეგიონში. „გურჯაანის მუნიციპალიტეტში კოოპერატოვებში სულ გაწევრიანებულია 113 ადამიანი და მათი საერთო კაპიტალი შეადგენს 115 ათას ლარზე ცოტა მეტს. ეს არის საწყისი ეტაპი, ყველა მათგანს აქვს განვითარების გეგმა და იმედია, მომავალში უფრო გააფართოებენ თავის საქმიანობას. ჩართულები იქნებიან სახელმწიფოს და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის პროგრამებში“. თათრიშვილის განმარტებით, გურჯაანში არსებობს ისეთი მიმართულებები და პოტენციალი, რომელიც მომავალში კოოპერატივებს განავითარებს: „ერთ-ერთი ასეთი მიმართულება ჩვენს რაიონში არის მევენახეობა-მეღვინეობა. ამავე დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მევენახეობის კუთხით გვაქვს ადგილწარმოშობის 7 უნიკალური მიკრო ზონა, რომელიც ასეთი მასშტაბით საქართველოში თითქმის არცერთ რაიონს არ აქვს. ეს ერთგვარ უპირატესობას გვაძლევს ამ სფეროში მცირე ფერმერების გასაერთიანებლად. აქვე არის პერსპექტივები მეღვინეობის დარგში, ანუ კოოპერატივებმა უნდა განავითარონ საწარმო-გადამამუშავებლები ამ მიმართულებით, რომ შეძლონ თავიანთი წარმოებული პროდუქციის უშუალოდ მომხმარებლამდე მიტანა“. მისივე თქმით, გურჯაანში ასევე პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება მეხილეობისა და კენკროვანი დარგების მიმდევრების გაერთიანება, რომელიც პერსპექტიულ სურათს ქმნის და ფერმერებს ალტერნატიულ შემოსავლის წყაროს გაუჩენს. „ჩვენს რაიონში პრიორიტეტულია კენკროვანი კულტურების წარმოება. კერძოდ: გურჯაანიდან თელავის მიმართულებით არსებულ სოფლებში მარწყვის წარმოების დიდი ტრადიციაა, ასევე არსებობს ახალი ტენდენციები ისეთ კენკროვნებში როგორებიცაა ჟოლო და მაყვალი. საკმაოდ დიდი მოთხოვნით ხასიათდება ეს პროდუქცია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე“. სპეციალისტების ინფორმაციით, კოოპერატივებს გააჩნიათ შემდეგი უპირატესობები: „კოოპერატივს მართავენ და მის საქმიანობას აკონტროლებენ მისი წევრები დემოკრატიულ საწყისებზე, პრინციპით „ერთი წევრი -ერთი ხმა“, სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებში წევრის ხმების რაოდენობა დამოკიდებულია ამ ორგანიზაციაში მის წილობრივ შენატანზე; კოოპერატივის წევრებს შორის მოგება ნაწილდება მათი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად, ხოლო მოგებაზე ორიენტირებული სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებში მოგება ნაწილდება პარტნიორთა წილობრივი შენატანის პროპორციულად; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში რესურსების (მიწა, ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსი) კონსოლიდაციით ხდება ხარჯების შემცირება, რაც მოგების გაზრდას იწვევს; ინდივიდუალურ ფერმერთან შედარებით მეპაიე კოოპერატივის მეშვეობით ხდება საბითუმო ბაზრის მოთამაშე, რის საფუძველზეც მომსახურების, პროდუქციის, თუ სხვადასხვა საბრუნავი საშუალებების შეძენა შეუძლია საბითუმო ფასებში, რაც ხელს უწყობს მის სტაბილურ მიმწოდებლად ფორმირებას და პროდუქციის უკეთესი პირობებით წარმოებას.“ მათივე განმარტებით, გარდა ამ უპირატესობებისა მიმდინარე პერიოდში სასოფლო სამეურნეო კოოპერატივს აქვს საგადასახადო შეღავათები, რაც მნიშვნელოვნად უმცირებს ხარჯებს. ამასთან სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სპეციალურად კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებულ სახელმწიფო პროგრამებში. რაც შეეხება სახელმწიფო დახმარების ღონისძიებებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხორციელდება გაერთიანებების მოტობლოკებითა და ხელის სათესებით უზრუნველჰყოფის პროექტი, რომლის საშუალებითაც კოოპერატივებს აგრო-ტექნიკა (საერთო ჯამში 1700 მოტობლოკი და 2000 ხელის სათესი) შეღავათიან ფასებში გადაეცემა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ასევე გათავისუფლებულია მთელი რიგი გადასახადებისგან, რაც მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელია. კოოპერატივი შეიძლება იყოს გრანტის მიმღები, სხვა მეწარმე იურიდიული პირებისგან განსხვავებით. და ბოლოს, 2015 წლიდან იგეგმება სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამა, რაც მიმართული იქნება კოოპერატივის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობისკენ.
| Print |
FaceBook Twitter Google