ეკონომიკა
შესაძლოა, გურჯაანში 120 ჰექტარზე ვაზის საძირე სადედეები გაშენდეს
უახლოეს მომავალში გურჯაანში ჯიშიანი და ხარისხიანი ვაზის სანერგე მეურნეობა გაშენდება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ვანო ბასილაშვილმა განაცხადა, მევენახეობაში არსებული სიტუაცია, განსაკუთრებით სანერგე მეურნეობებში მეტად რთული და არასახარბიელოა, რადგან რაიონს არ აქვს საძირე სადედეები. - „ცნობილია, რომ ვენახის გასაშენებლად ორი კომპონენტია საჭირო: საძირე და სანამყენე. ღვთის წყალობით, სანამყენე გვაქვს, ვგულისხმობ რქაწითელს, საფერავს, მწვანეს და სხვა. მაგრამ არ გვაქვს საძირე. მაგალითად, წელს ჩვენს რაიონში 500 მილიონი ნერგი იყო დამყნობილი, თუმცა უცნობია საძირე საიდან მოიტანეს, კაცმა არ იცის, რა ჯიშის და რა ხარისხის იყო, ამიტომაც ჩვენი სამსახური ამ საკითხს ყურადღებას აქცევს. მოგეხსენებათ, არსებობს ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საიდანაც შემოგვაქვს საძირე ვაზის ისეთი ჯიშები, რომელიც ჩვენს ნიადაგს ეგუება. მას ადგილობრივ ჯიშებთან კარგი ადაპტაციის და შეხორცების, ანუ აფინიტეტის უნარი გააჩნია“. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემოტანილ ამ საძირეებზე დამყნობილი სანამყენე დიდხანს ცოცხლობს, სტაბილურ და ხარისხიანი მოსავალს იძლევა. „პრაქტიკულად ასეთი საძირეები უკვე შემოტანილი გვაქვს და ვენახებიც გაშენებულია, მაგრამ ეს მინიმალური რაოდენობაა. გურჯაანში წელიწადში დაახლოებით 500-600 ჰექტარი ვენახი შენდება. ვენახების გაშენების თვალსაზრისით ასეთი მასშტაბი ჩვენს რაიონში დიდი ხანია არ ყოფილა. ამიტომ ამ ტემპით რომ გაგრძელდეს ვენახების გაშენება, აუცილებლად დაგვჭირდება კახეთში საძირე ვაზის სადედეების 120-130 ჰექტარზე გაშენება. რაც მთავარია, იმ ჯიშის უნდა იყოს, რომელიც ჩვენს ნიადაგს კარგად ეგუება, მაგალითად „ბერლანდიერი ლიპარია კობერ 5ბ“, ან „ბერლანდიერი ლიპარია 420ა“. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ყველაზე დიდი სანერგე მეურნეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზეა განთავსებული, რომელიც ბენეფიციარებს საუკეთესო ვაზის ჯიშებს და ხეხილის ნერგებს სთავაზობს.
| Print |
FaceBook Twitter Google