ეკონომიკა
კახეთის გაზიფიცირების 2015 წლის გეგმა
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 2015 წლის გაზიფიცირების გეგმა გამოაქვეყნა. გეგმის თანახმად 2015 წელს კახეთში კერძოდ: ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ორ ეტაპად მოხდება 278 აბონენტის გაზიფიკაცია; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში (კაბალი, უზუნთალა, ყარაჯალა და განჯალა) 2700 კომლის გაზიფიცირება მოხდება; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (დუზაგრამა, ლომბალო და იორმუღანლო) 1900 კომლი გაზიფიცირდება; სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში კი - 514 აბონენტი. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია GGTC-მ უნდა განახორციელოს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები. ამისათვის, კომპანიის კაპიტალი 20 მლნ ლარით იზრდება. მთავრობის განკარგულებით, ენერგეტიკის სამინისტრომ, კომპანიის კაპიტალის ზრდა, 2015 წლის ბიუჯეტის კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან უნდა უზრუნველყოს. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ლაგოდეხის, ქარელის, კასპის, ონის, დუშეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ტყიბულის, წყალტუბოს, ზესტაფონის, აბაშის და ზუგდიდის რაიონების სოფლებში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება. შეგახსენებთ, რომ გაზიფიცირების სამუშოები მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წელს დასრულდება.
| Print |
FaceBook Twitter Google