ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს კომპიუტერები გადაეცა
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს 58 ლეპტოპი და 6 სტაციონარული კომპიუტერი გადაეცათ. ღონისძიებას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და პროექტის ხელმძღვანელი როლანდ სმიტი ესწრებოდნენ. აღნიშნული კომპიუტერული ტექნიკა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებს საშუალებას მისცემს დროულად მოახდინონ შიდა და გარეო კომუნიკაცია, მონაცემთა შეგროვება/დამუშავება, დარგში არსებული უახლესი ინფორმაციის მოპოვება. სამინისტროს თანამშრომლები შეძლებენ მრავალფეროვანი ვიზუალური მასალითა და პრეზენტაციების მეშვეობით ფერმერებისთვის ახალი ცოდნის უკეთ გადაცემას. "ახალი კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი რაიონული სამსახურები დაეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, უწყების მუშაობის ყველა ასპექტში ახალი ტექნოლოგიები დანერგოს და სოფლის მეურნეობის შესახებ ინფორმაცია და მონაცემები ადვილად ხელმისაწვდომი გახადოს", -განაცხადეს სამინისტროში. „საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება“ (სესმგ) ორწლიანი პროექტია, რომელიც ხორციელდება ილინოისის უნივერსიტეტის, ტეხასის A&M უნივერსიტეტისა და „ვინროკ ინთერნეშენლის“ მონაწილეობით. პროექტის მხარდასაჭერად აშშ-ის მთავრობამ, USAID-ის მეშვეობით, 2.3 მილიონი აშშ დოლარი გამოჰყო. სესმგ მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევას, სოფლად პროდუქტიულობის ასამაღლებლად განავითაროს სოფლის მეურნეობის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების სისტემა. ამ ინიციატივის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 59 საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი.
| Print |
FaceBook Twitter Google