ეკონომიკა
ტრადიციადქცეული პრემიები, მუდმივად მოძრავი მანქანები და 500 ლარი კულტურულ ღონისძიებებზე [Video]
როგორ ფიქრობთ, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა რაში იხარჯება? ამ კითხვით speqtri.ge-მ ვებგვერდის ვიზიტორები გამოკითხა. შედეგები ასე გამოიყურება: "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ფრაქცია "ქრისტიან-კონსერვატორების" თავმჯდომარე ვალერ ბარნაბიშვილი ამბობს, რომ 2015 წლის ბიუჯეტის განხილვისას ფრაქცია ბევრ პუნქტს არ დაეთანხმა. - "ეს არ არის ხალხზე მორგებული ბიუჯეტი, რაზეც დღევანდელი ხელისუფლება ლაპარაკობს. გამოვყოფდი ორ ნაწილს, რასაც არ ვეთანხმები. პირველია- პრემიები და საწვავი. სოციალური ფონი უმძიმესია, ამიტომ პრემიის გაცემის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ასევე ყურადღება მინდა გავამახვილო მეორე ნაწილზე - სოციალურ პაკეტზე, რაც ჩვენს ფრაქციას არ მოსწონს. აღსანიშნავია ერთჯერადი დახმარებები. ამ მიმართულებით დაახლოებით 130 000 ლარია გათვალისწინებული, რისი განკარგვაც სოფელში გამგებლის წარმომადგენლის მიერ ერთპიროვნულად ხდება. ოპერაციის დაფინანსებას და მედიკამენტების გაცემას არ ვეხები, ეს სხვა თემაა და ამ კუთხით თანხის გამოყოფა აუცილებელია. არ მინდა მოსახლეობამ ისე გაიგოს, თითქოს ერთჯერადი დახმარების გაუქმებას ვითხოვ. პირიქით, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა გაიზარდოს, მაგრამ თანხა იმ ოჯახებზე უნდა გადანაწილდეს, ვისაც რეალურად სჭირდება,"- აღნიშნა მან. "თავისუფალი დემოკრატების" წევრის და საკრებულოს დეპუტატის გია შაოშვილის თქმით, პარტიამ განხილვისას 2015 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა. - "გაბერილად მოგვეჩვენა, როგორც საკრებულოს, ისე გამგეობის ხარჯები, ოფისის, საწვავის და ა.შ. მათ საერთოდ დაავიწყდათ სპორტული და კულტურული ღონისძიებები. ინფრასტრუქტურაში ბევრი თანხა უნდა დაიხარჯოს, რადგან ამ დროს ქვეყნის განვითარებაში იდება ფული. რაც უფრო მაღალია სოციალური პაკეტი, ჩანს, რომ ქვეყანა განვითარების დაბალ დონეზეა. ამიტომ არ ვთვლი, რომ სოციალური პაკეტი იყოს დიდი, განსაკუთრებით ერთჯერადი დახმარება. ეს მნიშვნელოვან ტვირთად აწევს ბიუჯეტს, თუმცა, არაფერს იძლევა. მივესალმები სოციალურ პაკეტში მედიკამენტებისა და ოპერაციების დაფინანსებისთვის განსაზღვრულ თანხას. რაც შეეხება საწვავის ხარჯს, საკრებულოს სულ 2-3 მანქანა ემსახურება, რა თანხაც გაითვალისწინეს საწვავისთვის, გამოდის, რომ მანქანებმა მუდმივად უნდა იმოძრაონ, მაშინ საქმეს ვინღა აკეთებს?! პრემიები ან სულ უნდა გაუქმდეს, ან გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს მივცეთ უფლება, ინდივიდუალურად გამოცემული აქტის საფუძველზე ამა თუ იმ პიროვნებას გაუწერონ პრემია და არა ყველას ერთად. ვიღაც მუშაობს, ვიღაც არა, ასე ხელაღებით რატომ უნდა გაიცეს?!" გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის უფროსი ნატო გონგაძე ამბობს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითმმართველობის ბიუჯეტი კარგადაა დაგეგმილი. - "შეიძლება არ არის იდეალური ვარიანტი, მაგრამ ზუსტი დაგეგმარება არსად ხდება. კარგი სოციალური პაკეტი გვაქვს. გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 200 000 ლარითაა გაზრდილი. პრემიებს რაც შეეხება, ეს არ არის დღევანდელი მთავრობის მოგონილი, წლებია ასეა. ვერავინ იტყვის, ჩვენ დროს არ გაიცემოდაო. საწვავთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს რაც შეეხება, გამგებლის წარმომადგენლებისთვისაც აღარ არის საწვავი გამოყოფილი. ამ მიმართულებით დაფინანსება, ფაქტობრივად, გამგეობის ბალანსზე არსებულ მანქანებსღა აქვთ.ეს ხარჯიც მაქსიმალურად შევზღუდეთ." გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან პირველ კვარტალში ჩვენს მიერ მითითებული პუნქტების მიხედვით გახარჯული თანხები ასე გამოიყურება: https://www.youtube.com/watch?v=wzX8k2L9F_g თამარ კაპანაძე
| Print |
FaceBook Twitter Google