ეკონომიკა
ღვინო ისევ მარანშია, ვალს კრედიტით გავისტუმრებ - ვანო რუაძე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგდანოვკის მაცხოვრებლებმა საფერავის ჯიშის ყურენი "ჰერეთის" ღვინის მარანს 2014 წლის შემოდგომით ჩააბარეს, თუმცა, თანხა ჯერაც არ აუღიათ. როგორც ჩვენთან საუბარში ბოგდანოვკელი ელდარ გიგილოშვილი ამბობს, მას 2200 ლარი ეკუთვნის. -"მარტო მე კი არა, თითქმის მთელი სოფელი ამ დღეშია. რომ ვაბარებდით, გვითხრეს, ფული 10 მარტს იქნებაო, მაისი გადის და ჯერ არაფერი მოუციათ. ვფიქრობდი, გაზაფხულზე მიწას ამ ფულით დავამუშავებ-მეთქი, მაგრამ რით რა გავაკეთო?!" მარნის დირექტორის ვანო რუაძის თქმით, ღვინის გაყიდვა ვერ მოახერხა და გლეხებისთვის თანხის გასტუმრება ამის გამო ვერ შეძლო. - ახლაც "ქართუ ბანკში" ვიყავი, კრედიტი უნდა ავიღო და დავალიანება გავისტუმრო. მე თვითონაც ვწუხვარ. ჩვენთანაც კრიზისია და ბელორუსიაშიც, სადაც ღვინო გაგვქონდა. ვგეგმავდით, 10 მანქანა ღვინო გაგვეტანა და მათ თანხასაც უპრობლემოდ გავისტუმრებდით. დაახლოებით ერთი თვის წინ ფინანსური პოლიცია შემოვიდა და შეგვამოწმა. ნახა, რომ არაფერი გაგვიყიდია, ღვინო ისევ მარანშია. მუშებისთვისაც ექვსი თვეა ხელფასი არ მიმიცია, არც მე ამიღია. ყურძნის თანხა 700 000 ლარი მაქვს გასასტუმრებელი. ახლა დავიწყეთ გაყიდვა, მაგრამ გლეხებსაც ეჩქარებათ, ეგენიც ხომ ცოდონი არიან, ვერ ესწრება გასტუმრება, ამიტომ გამომაქვს კრედიტი. არადა, 2 მანქანის მეტი არ გაგვიყიდია. კაპიკი არავის დაეკარგება, აუცილებლად გავისტუმრებთ!"- ამბობს ის. კომენტარისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურს დავუკავშირდით. როგორც განგვიმარტეს, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 182-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
| Print |
FaceBook Twitter Google