ეკონომიკა
იყალთოში ქვევრის-სკოლა სახელოსნო შენდება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება 2 290366,37 ლარია და ის მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოების დაწყებას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ილია დარჩიაშვილი ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე დავით მახარაძესთან ერთად დაესწრო. პროექტის მიზანია ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა და სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება. გარდა ამისა, სკოლა-სახელოსნოში ახალ თაობას შესაძლებლობა ექნება, შეისწავლოს ქვევრის დამზადების წესი და შენარჩუნებულ იქნეს უძველესი ტრადიციები. რაც ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტების რაოდენობის გაზრდას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ -ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქვევრის სახლში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, გარდა ამისა, მშენებლობის პროცესში 70 ადამიანი იქნება დასაქმებული 2016 წლის სექტემბრამდე. პროექტის ფარგლებში აშენდება სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და ერთსართულიანი საწარმო, კერძოდ, ქვევრის დასამზადებელი საამქრო შენობა. იყალთოს სკოლა სახელოსნოში ყველა მსურველისთვის იქნება შესაძლებელი ნახოს ქვევრის დამზადების უძველესი ტექნოლოგია, ამას გარდა ობიექტს ექნება მუზეუმი სადაც უძველესი თიხის ჭურჭელი გამოიფიქნება, გარდა სახელოსნოსა და მუზეუმისა, ობიექტს ექნება ბიბლიოთეკა და ინტერნეტ კაფე, ამასთან ტურისტებს ექნებათ საშუალება თავად ადგილზე ისწავლონ და დაამზადონ თიხის ჭურჭელი. პროექტით გათვალისწინებულია წყალსადენი სისტემის, კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, ელექტროგაყვანილობის, გათბობისა და გაგრილების, ვენტილაციის და გაზმომარაგების სისტემის მოწყობა. ამას გარდა, მოხდება ტერიტორიის კეთილმოწყობა.
| Print |
FaceBook Twitter Google